იხსნა პრეზიდენტი და მოკვდე

FBI Files

1975 წლის 22 სექტემბერს სარა ჯეინ მურს დილით ადრე გაეღვიძა. ხეირიანად არც სძინებია. გამთენიისას ჩაეძინა მხოლოდ და ცოტა ხანში კვლავ ფეხზე იყო. მოსამზადებლად ბევრი დრო ჰქონდა. რევოლვერი ხელჩანთაში მოათავსა და სან ფრანცისქოს St. Francis Hotel-ისკენ გაემართა. რევოლვერი 38-კალიბრიანი ჰქონდა. 44 კალიბრის პისტოლეტი არ დაურეგისტრირებია და პოლიციამ ჩამოართვა. ბედი არა ჰქონდა. მაგრამ 38-იც გამოდგებაო, თავს იმშვიდებდა ამით. მიზნის ამბავიაო. მიზანი კი კარგი ჰქონდა.

სარა ჯეინ მურის მიზანი ამერიკის 38-ე პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი იყო.

სასტუმროს წინ, მოედანზე პრეზიდენტის შესახვედრად ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. სარა ჯეინ მური ცდილობდა, წინ წაწეულიყო, რომ პრეზიდენტთან აღმოჩენილიყო ახლოს. მითუფრო რომ, 45-კალიბრიანი პისტოლეტიც აღარ ჰქონდა. 38-კალიბრიანის იმედადღა იყო.

Sara Jane Moore

გამოჩნდა პრეზიდენტი. სანამ ლიმუზინისკენ გაემართებოდა, შეყოვნდა და ხალხს მიესალმა. სარა ჯეინ მურმა რევოლვერი ამოიღო და გაისროლა. იჩქარა. თან, მეტისმეტად აღელვებულიც იყო, მეორე ჯერზე უკეთ დამიზნება რომ სცადა, სწორედ იმ დროს ვიღაც ჩააფრინდა მკლავში, ჩახმახის გამოკვრა კი მოასწრო, მაგრამ ტყვია სულ სხვა მიმართულებით წავიდა. პრეზიდენტი გადარჩა. ტყვია ჯონ ლიუდვიგს მოხვდა, ტაქსის მძღოლს. სარა ჯეინ მურს ტაქსის მძღოლი არ აინტერესებდა.

Oliver Sipple and Sara Jane Moore
სარა ჯეინ მური პირველი გასროლის შემდეგ – მარჯვნივ, ბოძსა და პოლიციელს შორის ჩანს

ვინც პრეზიდენტ ფორდის სიცოცხლე იხსნა, ოლივერ სიფლი (Oliver Wellington “Billy” Sipple) იყო. 33 წლის სამხედრო. ვეტერანი. ვიეტნამის ომის მონაწილე. საზღვაო დესანტში მსახურობდა, დაჭრილიც იყო. მედლებიც ჰქონდა. იარაღი რა არის იცოდა და მომზადება და რეაქციაც კარგი ჰქონდა. პრეზიდენტ ფორდს გაუმართლა. ოლივერ სიფლს – არა. იმიტომ რომ ერთ წამში ჯერ გმირად იქცა, შემდეგ კი – სიძულვილის ობიექტად.

და ის ამბავი, რომლის მოყოლაც ამ პოსტში მინდა, ახლა იწყება. აქამდე – შესავალი იყო მხოლოდ. 🙂

სიფლი, ცხადია, ყურადღების ეპიცენტრში მოექცა. სულაც არ სურდა – ისე. მაგრამ პრეზიდენტის სიცოცხლე იხსნა, ხუმრობა ხომ არაა.

Oliver Sipple

ამ ამბიდან მეორე დღეს, 23 სექტემბერს San Francisco Chronicle-ის ჟურნალისტს ჰერბ ქენს (Herbert Eugene Caen) ორმა დაურეკა. ორივე ადგილობრივი ლგბტ თემის აქტივისტი იყო. ერთი – ვინმე რევრენდ რეი ბროშერსი (Reverend Ray Broshears), მეორის სახელი კი გაგონილი გექნებათ და ალბათ, მისი ისტორიაც იცით ფილმიდან, სადაც შონ ფენი ასახიერებს – ჰარვეი მილქი (Harvey Bernard Milk).

ჰერბ ქენი ადგილზე არ იყო, მაგრამ ორთავემ ავტომოპასუხეზე დაუტოვა შეტყობინება – ადამიანი, რომლის გმირობაზეც ყველა აღფრთოვანებით ლაპარაკობს, გეია და ამ ამბავს რატომ მალავთო? გრცხვენიათ, პრეზიდენტი გეიმ რომ გადაარჩინაო?

არც ბროშერსს, არც მილქს სიფლისთვის ცუდი არაფერი სურდათ, ასე ამბობდნენ შემდეგ, თუმცა, ორთავ საკუთარ მიზნებს მისდევდა და სიფლისთვის არც უკითხავთ.

სექსუალური ორიენტაციის ამბავი პრესას რომ მოედო, ოლივერ სიფლი თავადაც დაუკავშირდა გაზეთებს, რადიოსა და ტელეარხებს, წერილებიც დააგზავნა, თხოვდა, ჩემი პირადი ცხოვრება ჩემი საქმეა და არ მსურს, განხილვის საგნად ან დებატების თემად ვიქცეო. მაგრამ გვიანი იყო.

სექსუალური ორიენტაცია ჩემი პირადი ცხოვრების ნაწილია და არავითარ გავლენას არ ახდენს ჩემს რეაქციაზე, როდესაც ვხედავ, თუ როგორც ცდილობს ერთი ადამიანი მეორის სიცოცხლის მოსპობას.
ოლივერ სიფლი. Dallas Morning News, 1 ოქტომბერი, 1975 წელი

არ იფიქროთ, რომ სიფლი საკუთარ იდენტობას ბგაურბოდა. ან – იმალებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 70-იანების ამერიკა უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებით დღევანდელ საქართველოს უფრო ჩამოგავს (დისკრიმინაციული კანონების გაუქმება 60-იანების ბოლოს დაიწყო და ზოგ საკითხზე დავა დღესაც კი მიმდინარეობს სასამართლოებში), სიფლი ადგილობრივი ლგბტ თემის სხვადასხვა პოლიტიკურ აქტივობებშიც იყო ჩაბმული, პეტიციებსაც აწერდა ხელს, მიტინგებზეც გადიოდა, მაგრამ პირადი ცხოვრების საჯარო განხილვისთვის მზად არ იყო, ან – რატომ უნდა ყოფილიყო? მაგრამ, სხვებმა განიზრახეს, რომ დროშად ექციათ. პლაკატად. სიმბოლოდ. და ამ ამბის შეჩერება უკვე შეუძლებელი იყო. მილქი ამტკიცებდა, პრეზიდენტმა მადლობის წერილის გამოგზავნაც კი დაუგვიანა, არათუ თეთრ სახლში მიიწვიაო. და ეს ყველაფერი იმის გამო, რომ გეი არისო.

70-იანების ამერიკა საქართველოს გავდა-მეთქი და არც გადამიჭარბებია დიდად. სახლში რაც გინდა ის აკეთეო, – ასე ამბობდნენ სწორედ. იმხანად ამერიკაში განხილვის საგნად იყო ვინმე ლენარდ მეთლოვიჩის საქმე, რომელიც სამხედრო-საჰაერო ძალებიდან მხოლოდ იმის გამო დაითხოვეს, რომ ღიად განაცხადა ის, რაც მის ნაწილში ისედაც ყველამ იცოდა – მეთლოვიჩი გეი იყო.

მართალს ამბობდა მილქი? ალბათ. ფორდის ამომრჩეველთა დიდი ნაწილი, რბილად რომ ვთქვა, არალიბერალური განწყობებისა იყო. მაგრამ ადამიანის ცხოვრების ზეწრად გამოფენა, თუკი თავად მას არ სურს, დიდი ვერაფერი საქციელია ესეც.

Harvey Milk

ოლივერ სიფლი მოქმედი სამხედრო არ ყოფილა, ჯარიდან ვერ დაითხოვდნენ. სხვა მუდმივი სამსახურიც არ ჰქონია, იქედან რომ გაეგდოთ – ვეტერანის პენსიით ცხოვრობდა, მაგრამ, როგორ თუ იდენტობა გაამჟღავნე და თავი მოგვჭერიო – ახლობლები განუდგნენ – ამაზე უარესი რა უნდა მომხდარიყო.

როდესაც დედა გარდაეცვალა, დასაფლავებასაც ვერ დაესწრო. დედას შენი ნახვა არ სურდა და არც ჩვენ გვსურს შენი ნახვაო – მამამ შეუთვალა.

ოლივერ სიფლმა პირად ცხოვრებაში შეჭრის გამო, San Francisco Chronicle-ის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. თითქმის 10 წლის განმავლობაში დაობდა და დავა 1984 წლის მაისში მისი დამარცხებით დასრულდა, შტატის უზენაესი სასამართლოს ვერდიქტით.

ოლივერ სიფლი 1989 წელს გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლებში ალკოჰოლიზმის ფონზე ფსიქიური აშლილობა განუვითარდა, შიშები ჰქონდა და დღის განმავლობაში სახლიდან იშვიათად გამოდიოდა – მხოლოდ შებინდებისას. ნივთიერებათა ცვლა დაერღვა და ჭარბი წონის ფონზე სხვადასხვა დაავადებებმაც შეუტია.

პრეზიდენტი ჯერალდ ფორდი 2006 წლის შობის შემდეგ, 26 დეკემბერს გარდაიცვალა. ამბობდა, რომ სანანებელი არაფერი აქვს და მოიქცა, როგორც უნდა მოქცეულიყო. თეთრ სახლში მიწვევის ვალდებულება არსადაა გაწერილი და არც სიფლს უთხოვია. მისი ორიენტაციის შესახებ კარგა ხნის შემდეგ შეიტყო და მადლობის წერილი კი დროულად გაუგზავნა.

სარა ჯეინ მური 2007 წლის 31 დეკემბერს გამოუშვეს ციხიდან. ახლა 91 წლისაა. ძველი ამბები კარგად ახსოვს. ამბობს, რომ არვის მოკვლა სურდა და სოციალური უთანასწორობის პრობლემის მიმართ ყურადღების მისაქცევად გამოკრა ჩახმახს. არც მეორედ გასროლას აპირებდა და რევოლვერის ჩანთაში შენახვა სურდა, “ვიღაც” რომ ჩააფრინდა მკლავში. არც ის ნანობს რამეს.

ჰარვეი მილქის ამბავი კი იცით – 1978 წლის 8 იანვარს სან ფრანცისკოს საკრებულოს წევრად აირჩიეს და იმავე წლის 27 ნოემბერს მოკლეს. ფილმი ზემოთაც ვახსენე – შონ ფენის არაჩვეულებრივი ნამუშევარია.

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

Recalling Veteran Who Saved President Ford
Outing Oliver Sipple: The Health Effects of Being Outed as a Gay Hero
The Sad Story of the Marine Who Saved President Ford from Assassination
Meet Oliver Sipple, The Vietnam Veteran Who Saved President Ford’s Life — And Was Punished For It

P.S.

თუკი ვინმე ახლა ამ პოსტს წაიკითხავს და შემდეგ დაგუგლავს, რამდენიმე ამბავს წააწყდება. მაგალითად, ასეთს:

Radiolab-მა 2017 წელს გამოაქვეყნა წერილი, რომელიც ოლივერ სიფლმა 1975 წლის 30 სექტემბერს პრეზიდენტ ფორდს გაუგზავნა. სიფლი პრეზიდენტს თხოვდა, ეგებ, ჩემს მშობლებს დაურეკოთ და უთხრათ, რომ ორიენტაცია არაფერს ცვლის, ისევ მათი შვილი ვარ და ისევ ის ადამიანიო. Radiolab ამბობს, რომ პრეზიდენტი ამ თხოვნას არ გამოხმაურებია, მაგრამ სიფლის ეს წერილი, დიდი ალბათობთ, ყალბს გავს. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში არ არის აღრიცხული.

Radiolab September 25, 2017

გვხვდება ცნობები (სიფლის ძმაზე დაყრდნობით) რომ წლების შემდეგ, ოლივერ სიფლმა ოჯახთან ურთიერთობები აღადგინა, თუმცა ეს ამბავიც არ ჩანს სანდოდ და შელამაზებულია პოსტ-ფაქტუმ.

ეს ყველა და სხვა მეც ვნახე და ტყუილ-მართლის გარჩევის შემდეგ დავწერე ის, რაც ყველაზე სანდოდ მომეჩვენა.

ჰარვეი მილქზე უკვე ვთქვი – როგორი კეთილშობილური თუ “კეთილშობილური” მოტივებიც არ უნდა ჰქონოდა (რომ საჯარო ინტერესი სჭარბობს კერძო ინტერესს და რომ მთლიანად თემის უფლებებისთვის ბრძოლა წონის ერთი ადამიანის ბედს, თუ რავიცი, კიდევ რას ფიქრობდა), ამ ისტორიაში არცთუ დადებითი როლი ითამაშა.

რაც ეხება ზოგადად ორიენტაციის თემას – ოლივერ სიფლმა თავად თქვა ყველაზე კარგად: ეს პირადი საქმეა და არ განსაზღვრავს ადამიანის რაობას. რამდენად კეთილია ან ავი. პროფესიონალია ან დილეტანტი. ჭკვიანია თუ ბრიყვი. რამდენად სანდოა თუ ფლიდი. ცხოვრებას დადებს თქვენთვის თუ გიღალატებთ. და ადამიანის მიმართ დამოკიდებულებაც არ უნდა განსაზღვროს. ესაა და ეს. ბანალურად.

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad