გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა

იყიდეთ, იყიდეთ, იყიდეთ მალე…
თორემ – სხვები დაგასწრებენ.

ხეოფსის პირამიდა. თავისუფლების ქანდაკება. მოსკოვის კრემლი. ეიფელის კოშკი. არ დარჩენილა მსოფლიო არქიტექტურის ცნობილი ნიმუში, რომელიც არ გაყიდულიყო, თან – არაერთხელ.

როდესაც ვამზადებდი პოტს ადამიანზე, რომელმაც მთვარე მოიპარა, რამდენიმე სახალისო ისტორიას წავაწყდი, მაგალითად ასეთს:

ჩეხმა ვიკტორ ლუსტიგმა (Victor Lustig – ან ვიქთორ ლასთიგმა, როგორც ის ამერიკაშია ცნობილი) ეიფელის კოშკი ირჯერ გაყიდა.

პირველად ეს 1925 წელს მოხდა. ლუსტიგი ჩავიდა პარიზში, დაიქირავა სასტუმროში ნომერი და რამდენიმე ბიზნესმენს გაუგზავნა წერილი, სადაც საფრანგეთის ფოსტისა და ტელეგრაფის სამინისტროს სახელით ატყობინებდა, რომ მათთვის სარფიანი წინადადება ჰქონდა და შეხვედრაზე იწვევდა. მიპატიჟებას ექვსი ადამიანი გამოეხმაურა. ლუსტიგმა მათ განუცხადა, რომ ეიფელის კოშკის შენახვა ქვეყანას ძვირი უჯდებოდა, იმჟამად კი ის სასწრაფო რემონტს საჭიროებდა (ეს სიმართლე იყო – ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, რომ კოშკს შეკეთება ესაჭიროებოდა გაზეთშიც იყო გამოქვეყნებული). უსახსრობის გამო სამინისტო იძულებული გახდა, კოშკს შელეოდა და დემონტაჟის გადაწყვეტილება  მიეღო. ვინმე ანდრე პუასონმა ყველას აჯობა (ლუსტიგს ტენდერში გასამარჯვებლად ქრთამიც კი გადაუხადა) და ეიფელის კოშკი შეიძინა… საბრალო პუასონს (poisson d’avril – ფრანგულად საპირველაპრილო გაცუცურაკებას ნიშნავს) პატრიოტული მოტივები ამოძრავებდა – მას პარიზის ამ ღირშესანიშნაობის საკუთარი სახსრებით გარემონტება და შენარჩუნება ჰქონდა გეგმაში, ასე რომ, კაცმა რომ თქვას, მან საწადელი აისრულა – ეიფელის კოშკის დღესაც ადგილზეა. 🙂

პუასონი მალე მიხვდა, რომ მოატყუეს, მაგრამ იმდენად შერცხვა, არსად გაუმხელია, რითიც ლუსტიგმა ისარგებლა და ეიფელის კოშკი ხელმეორედ გაყიდა. 🙂 შემდეგ ევროპა დატოვა და თავი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა.

10 წლის შემდეგ ვიკტორ ლუსტიგი აშშ-ში დააპატიმრეს და 15 წელი მიუსაჯეს. ის 1947 წელს ალქათრასის სახელგანთქმულ ციხეში გარდაიცვალა ფილტვების ანთებით.

ლუსტიგისგან გასნხვავებული ტაქტიკა ჰქონდა არჩეული ამერიკელ ჯორჯ ფარქერს (George C. Parker) – ბრუქლინის ხიდით ყველაზე სახელგანთქმულ მოვაჭრეს ისტორიაში. მისთვის მთავარი იყო ბრუნვა და არა კონკრეტული გარიგებისგან მიღებული თანხა – ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხიდი სულ რაღაც 10 დოლარადაც გაუყიდია. საკმარისი იყო ფარქერს თვალი მოეკრა ვინმე პირდაფჩენილი ტურისტისთვის, რომ მუნიციპალიტეტის სახელით მას ბრუქლინის ხიდის შეძენას სთავაზობდა. ქალაქის მესვეურნი იძულებულნი იყვნენ ხიდზე პოლიციის მუდმივი პატრულირებაც კი დაეწესებინათ, მაგრამ ფარქერმა ამითაც ისარგებლა – მყიდველებს არწმუნებდა, რომ პატრულს პრივატიზებული საკუთრების დაცვა ჰქონდა დავალებული. 🙂

ფარქერი სამჯერ იყო დაპატიმრებული. 1928 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს და ცნობილ სინგ სინგში გაამწესეს. ნიუ იორქმა მშვიდად ამოისუნთქა. 🙂

შოტლანდიელი ართურ ფარგასონის (Arthur Furguson) სპეციალიზაცია ინგლისის სამეფო სასახლისა და ლონდონის არქიტექტურის სხვა ნიმუშებით ვაჭრობა იყო, თან ძვირადაც არ აფასებდა – რამდენიმე ათას ფუნტს. ბაქინგემის სასახლის, ბიგ ბენის, ადმირალ ნელსონის სვეტისა და ტრაფალგარის მოედნის (ბითუმად :)) გაყიდვის შემდეგ 1925 წელს თავი ამერიკას შეაფარა, სადაც თექსასელ ფერმერს თეთრი სახლი მიაქირავა 99 წლით (100’000 დოლარად წელიწადში), თავისუფლების ქანდაკება კი ერთ ავსტრალიელ ტურისტს მიასაღა, რომელსაც ეჭვი შეეპარა გარიგების კანონიერებაში და თადარიგი დაიჭირა  –  საკუთარი უფლებების გადამოწმება პოლიციაში სცადა. ფარგასონი დააპატიმრეს და ხუთი წელი ციხეში მოუწია ყურყუტი .

რუსეთის არმიის კორნეტი ნიკოლაი სავინი (Николай Савин) ზამთრის სასახლის კომენდანტი იყო. მან ამერიკელი ბიზნესმენი ვინმე ჯონსონი სასახლეში მიიწვია, ექსკურსია მოუწყო და აღფრთოვანებულს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებაც იქვე გაუფორმა. მერე მოვიდნენ ბოლშევიკები, ჯონსონი იქედან გამოაძევეს და ისე დაეპატრონენ ზამთრის სასახლეს, კაპიკიც არ გადაუხდიათ. დღემდე შიგ სხედან.
Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

არ ვიცი, აფერისტობა ქვია, მოხერხებულობა თუ უბრალოდ სიგიჟე, მაგრამ რიურიკების შთამომავლებმა კრემლზე განაცხადეს პრეტენზია და სასამართლოშიც შეიტანეს სარჩელი რუსეთის ფედერაციის მთავრობის, რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს წინააღმდეგ.

P.S.

ისა და წერეთლის სვეტი რომ დგას თავისუფლების მოედანზე, ხომ არვის უნდა? უფასოდ. მხოლოდ ადგილიდან გატანის საფასურის გადახდა მოგიწევთ.

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

4 thoughts on “გამოჩენილ ჯენტლმენთა ლიგა”

  1. ეიფელის კოშკის ამბები ვიცოდი. ძაან მაგარი რამეა. 🙂
    კიდე მგონი სფინქსის ქანდაკებას ყიდდენ ხოლმე. 🙂
    აფერისტობასაც ნიჭი უნდა.

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.