ახალი ამბები

პრემიერმა მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მინისტრობის ახალი კანდიდატები წარადგინა. მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაში ცვლილება მხოლოდ ფინანსთა, ეკონომიკისა და განათლების მინისტრებს შეეხო, ყველა სხვა უწყებაში პოსტებს მოქმედი მინისტრები შეინარჩუნებენ.

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილი ჩაიბარებს. ის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზენს-სკოლის დეკანი იყო, ასევე ხელმძღვანელობდა პროექტს – „სილიკონ ველი თბილისი“, რომელსაც ფონდი ქართუ ახორციელებდა.
  • ფინანსთა სამინისტროს კომპანია ჯეოსელის საცალო ბიზნეს ერთეულის მოქმედი დირექტორი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს. ივანე მაჭავარიანი კომპანია ჯეოსელში 1997 წლიდან მუშაობს. 2006-2012 წლებში ის ჯეოსელის ფინანსური დირექტორი იყო, ხოლო 2012-2015 წლებში, კომერციული დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა და მარკეტინგის, გაყიდვებისა და აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებაზე იყო პასუხისმგებელი.
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს პროფესიით ექიმი, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია „მაქკინზის“ მოსკოვის ოფისის უფროსი პარტნიორი გიორგი ქობულია დაიკავებს. 1994-1996 წლებში ის საქართველოს კარდიოლოგიის ინსტიტუტში ექიმ-კარდიოლოგად მუშაობდა. 1996-1999 წლებში ის საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანია Merk, Sharp & Dohne – ში მუშაობდა.
  • მთავრობის ადმინისტრაციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. მას მინისტრის პოსტი 2015 წლის აგვისტოდან ეკავა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი მოიპოვებს პარლამენტის ნდობას, იქნება ქვეყნისა და ხალხის ინტერესების გამტარებელი და დაამკვიდრებს თანამედროვე მართვის მაღალ სტანდარტს ქვეყანაში, რომელიც იქნება ნაკლებად ბიუროკრატიული, ეფექტიანი მოქნილი და თანამედროვე მცირე მთავრობის კონცეფციაზე მორგებული“, – განაცხადა პრემიერმა.

მინისტრობის კანდიდატების პრიორიტეტები

მედიასთან საკუთარი გეგმების შესახებ მინისტრობის კანდიდატებმაც ისაუბრეს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის გიორგი ქობულიას თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა სოფლისა და რაიონის განვითარებას, რისთვისაც აგრარულ და მომიჯნავე სექტორებში „სერიოზული ინვესტიციების მოზიდვა“ იგეგმება. „ვგეგმავთ სერიოზულ ღონისძიებებს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის“, – დასძინა მანვე.

მისივე თქმით, „დიდი ყურადღება დაეთმობა ინდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებული ეკონომიკის განვითარებას“, ასევე გადაწყვეტილებების „აღსრულების დისციპლინის გამყარებას“.

ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა ყურადღება სექტორის გაციფრულებაზე გაამახვილა. მისი განმარტებით, მცირე მთავრობის კონცეფციის დანერგვა და ეკონომიკის ინკლუზიურობა, „ხარჯების შემცირებასთან ერთად, პროცესების ოპტიმიზაციას და ბიუროკრატიის შემცირებას ნიშნავს“, რაც „გაციფრულების გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია“.

განათლების მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ბატიაშვილმა კი, მის მთავარ პრიორიტეტად განათლების ხუთივე საფეხურის (სკოლამდელი, სასკოლო, პროფესიული, უმაღლესი და სამეცნიერო) ძირეული რეფორმა დაასახელა. „რეფორმები დაიწყება უმოკლეს პერიოდში და ორიენტირებული იქნება სწრაფ, პირველად შედეგებზე და გრძელვადიან პერიოდში იმ ეფექტზე, რომელმაც უნდა მოგვცეს ის ადამიანური კაპიტალი, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე“, – განმარტა მიხეილ ბატიაშვილმა.

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას 14 ივლისს, რიგგარეშე საპარლამენტო სესიაზე გამოუცხადებს.

სტრუქტურული ცვლილებები

მინისტრთა კაბინეტის მოქმედმა შემადგენლობამ პარლამენტის ნდობა 20 ივნისს მოიპოვა, თუმცა მთავრობის შემადგენლობა დროებითი იყო. პრემიერ-მინისტრს განახლებული მინისტრთა კაბინეტი შესაბამისი სტრუქტურული და საკანომდებლო ცვლილებების შემდეგ უნდა დაესახელებინა.

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი 5 ივლისს რიგგარეშე სხდომაზე 81 ხმით არცერთის წინააღმდეგ დაამტკიცა. სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, საქართველოს 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი ექნება.

სტრუქტურული ცვლილებების შედეგად, სამინისტროების სახელწოდებები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
  • თავდაცვის სამინისტრო;
  • იუსტიციის სამინისტრო;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო;
  • ფინანსთა სამინისტრო;
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

მამუკა ბახტაძე, რომელსაც 2017 წლის ნოემბრიდან ფინანსთა მინისტრის თანამდებობა ეკავა, მთავრობის მეთაურად მას შემდეგ დასახელდა, რაც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, თანამდებობა დატოვა და ამის მიზეზად მმართველ პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button