სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

როგორ მიიღება “ჯინსების თაობა”

მოდი თვალი გადავავლოთ ჩვენს ნივთებს – კალმებს, ტანსაცმელს, ჭურჭელს… ალბათ, თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს ერთ-ერთი მათგანი განსაკუთრებულად ამოჩემებული. ამ მიჯაჭვულობის მიზეზი შეიძლება არც კი ვიცოდეთ, მაგრამ ეს ნივთი, ერთი შეხედვით სხვებისაგან არაფრით გამორჩეული, მუდმივი თანამგზავრი გამხდარა ჩვენი ცხოვრების.

გადის წლები, ვიზრდებით, ვაახლებთ ყველაფერს, ვიცვლით იერს, მაგრამ მას ვერ ველევით, თუნდაც დათუნიებით იყოს მოხატული და ჩვენს ასაკს “აღარ შეეფერებოდეს”.

ასეთი განცდა მხოლოდ ადამიანებისთვის არ ყოფილა დამახასიათებელი. ასევე იქცევა მერცხალი – თბილ ქვეყნებიდან დაბრუნებული თავის ბუდეს აკითხავს, გოშიასაც სახლში თუ ეზოში, ერთი კუთხე აქვს შერჩეული.

ასევე იქცევა ქიმიური ტექნოლოგიაც… ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში ქიმიური ტექნოლოგია მუდმივად და ძლიერ სწრაფი ტემპებით ვითარდება, არც რევოლუციური ნახტომები დაჰკლებია. მთელი ამ ხნის განმავლობაში უამრავი სახისა და ნაირგვარობის პროდუქტი შექმნა, უმეტესმა ახალმა ტექნოლოგიურმა მიღწევამ თუ ახალმა პროდუქტმა, ძველი ჩაანაცვლა და ისტორიის საკუთრებად აქცია… იგივე შეიძლება ითქვას ტექსილის ინდუსტრიაზეც, რომელიც ბუნებრივი ბოჭკოებიდან (შალი, ბამბა, აბრეშუმი, სელი) გადავიდა ხელოვნურ და სინთეზურ ბოჭკოებზე. საფეიქრო მრეწველობას განვითარებით ფეხდაფეხ მიჰყვა საღებრების ტექნოლოგიაც, რომელმაც მის წინაშე დასმული ამოცანა – შეექმნა ფერთა ფართო გამის მქონე და სხვადასხვა ბოჭკოებისათვის განკუთვნილი საღებრები, წარმატებით გადაჭრა. მისდა სასახელოდ დღეისათვის ცნობილი საღებრების კატალოგი რამდენიმე ათეული ტომისაგან შემდგარი სქელტანიანი წიგნია.

მაგრამ ტექსტილის ინდუსტრიისათვის ჯინსის წარმოება განსაკუთრებული აღმოჩნდა, რომელიც ერთ-ერთ უძველეს ბოჭკოს – ბამბას და ანტიკურ საღებარ ინდიგოს იყენებს.

“ჯინსების თაობის” გურუებს იაკობ დევისი და ლევი შტრაუსი წარმოადგენენ, რომელთაც 1873 წელს პირველად შექმნეს ჯინსები და მიიღეს შესაბამისი პატენტი ნომრით 139131.
 

აქ თემას მცირედ მინდა გადავუხვიო და აღვნიშნო, რომ პატენტის ნომერი, კიდევ ერთ მნიშვნელოვან მომენტზე მიგვითითებს. 1873 წელს ამერიკის შეერთებული შტატების საპატენტო ბიუროს მიერ უკვე რიგით ას ოცდა ცხრამეტი ათას ას ოცდა მეერთე პატენტი იქნა გაცემული! ინოვაციებისაკენ სწორედ ასეთმა დაუოკებელმა სწრაფვამ აქცია ეს ქვეყანა ერთ-ერთ ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ სახელმწიფოდ.
მიუხედავად იმისა, რომ იაკობ დევისისა და ლევი შტრაუსის პატენტი მხოლოდ ორგვერდიანია, და აქედან ერთი გვერდი ზემოთ მოყვანილ სურათს უკავია, ჯინსის ტექნოლოგია საკმაოდ შრომატევადია. იგი ბამბის პლანტაციებიდან იწყება. მომწიფებული ბამბის ბოჭკო იკრიფება, გროვდება და ნედლი სახით მოეწოდება ბოჭკოს სართავ ფაბრიკებს. სართავ ფაბრიკაში ბამბის ნედლი ბოჭკო სანამ ნართად იქცევა, არა ერთ ოპერაციას გადის – ირეცხება, სცილდება მინარევები, გადის ქიმიურ დამუშავებას, რის შემდეგაც იგი უფრო თეთრად გამოიყურება, შრება და ბოლოს ირთვება ნართად. ეს უკანასკნელი მოითხოვს დიდ სიზუსტესა და სიფაქიზეს, რადგან კილომეტრობით დართულ ბოჭკოს ერთიდაიგივე განიკვეთი უნდა ჰქონდეს და ერთგვაროვნებაც უნდა შეინარჩუნოს.

ბამბის ნართის დამზადების შემდეგ ესტაფეტა სამღებრო ინდუსტრიას გადაეცემა. თეთრი ნართი უნდა გალურჯდეს! მაგრამ სამღებრო ტექნოლოგიის მთელ მიღწევათა კასკადში ბამბის ქსოვილის ღებვა აქილევსის ქუსლია. იგი ყველაზე უკარება ცელულოზური ბუნებრივი პოლიმერია, რომელთან მიახლოებასაც მრავალი საღებარი ვერ ბედავს ან ვერ ჰპოვებს მშვიდ ნავსაყუდელს მის გრძელ მკლავებში. გამონაკლისებს კუბური საღებრები წამოადგენენ. მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი ინდიგოა, საღებარი რომელსაც უკვე რამდენიმე ათასწლეულია იცნობს კაცობრიობა. ამ კლასის საღებრების დასახელებაც – კუბური საღებრები – ისტორიულია. ერთ დროს შესაღებად დიდი ზომის ხის სპეციალურ კასრებს – კუბებს იყენებდნენ.

კუბური საღებრები მეტად საინტერესო ნაერთებია, რადგან მათი საშუალებით ღებვის პროცესი სხვა კლასის საღებრებიდან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ბამბის ქსოვილი რომ შეღებოს საღებარმა ის აუცილებლად ხსნადი უნდა იყოს წყალში. ინდიგო კი არ იხსნება. გამოსავალი ანტიკურ ხანაშივე იქნა ნაპოვნი. ინდიგოს მოლეკულას აქვს აღდგენის საშუალება. აღდგენით იგი წყალში ხსნად ფორმაში გადადის, მაგრამ ფერს კარგავს – მიიღება ე.წ. ლეიკო-ინდიგო.

 
აღდგენილი ინდიგო იხსნება სამღებრო აბაზანაში და წყალთან ერთად აღწევს ბოჭკოს პოლიმერული მოლეკულებისაგან წარმოქმნილ ტალანებში და ფორმირებული ჰიდროქსილის ფუნქციური ჯგუფის საშუალებით მაგრდება ცელულოზას მოლეკულასთან (რომელიც ასევე მდიდარია ჰიდროქსილის ჯგუფებით). შედეგად მიიღება “უფეროდ” შეღებილი ბოჭკო. მაგრამ გაწეული შრომა ფუჭად არ დაიკარგება. საკმარისია ბოჭკო სამღებრო აბაზანიდან ამოვიღოთ და მზის სინათლე ვანახო, ფერწასულ “ლეიკო” ინდიგოს ჰაერზე ნელ-ნელა ისევ დაუბრუნდება ფერი და გალურჯდება. სტრუქტურულად კი ჰიდროქსილის ფუნქციური ჯგუფები ისევ კეტონურ ფორმაში დაბრუნდებიან. მოლეკულაც კვლავ წყალში უხსნადი გახდება და შეღებილი ქსოვილი რეცხვისას აღარ დაკარგავს ფერს.

ამგვარად შეღებილი ბამბის ბოჭკო ახლა საქსოვ ფაბრიკაში იგზავნება. იქ სპეციალურ საქსოვ დანადგარებზე ლურჯი ბამბის ნართი მისივე თეთრი ფერის მოძმეს ერევა სპეციალური მეთოდით (ამიტომაცაა ჯინსის ნაჭერში თეთრი წინწკლები) და მიიღება ჯინსის ქსოვილი, რომელსაც დიდი რულონებად ახვევენ და სამკერვალო ფაბრიკას აწვდიან. იქ კი ის მაკრატლის ბასრ კბილებსაც იგემებს, ნემსის ჩხვლეტასაც და უთოს სიმხურვალესაც.

1950-იანი წლების შემდეგ ჯინსის პოპულარობამ და მასზე დიდმა მოთხოვნამ ინდუსტრიას ახალი საფიქრალი გაუჩინა. ბუნებრივი ინდიგოს მოპოვება-წარმოება ბევრად ჩამორჩებოდა წარმოებისათვის საჭირო რაოდენობას. ამიტომ ქიმიურმა ინდუსტრიამ ინდიგოს ხელოვნური მიღების მეთოდებს მიაკვლია. ბამბაც შეცვალა მისმა ხელოვნურმა ანალოგმა… აღარც ის ძველი დაზგები გრუხუნებს სართავ-საქსოვ საამქროებში… დღეს ყველაფერი მოდერნიზებულია, თუმცა კანტიკუნტად, მაგრამ მაინც შეიძლება “ძველებური” ჯინსების შოვნა. ზოგიერთი სიძველის მოყვარული ფირმა თითქმის ისევ იმავე მეთოდით მუშაობს .

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი