სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

რამდენიმე სახალისო აქტივობა და საგანმანათლებლო ინტერნეტრესურსი სახლში სწავლებისთვის

ბოლო ხანს მსოფლიო განსხვავებულ რეჟიმზე გადაეწყო, შეიცვალა პრიორიტეტები, მიზნები, სურვილები. „დარჩი სახლში“ კამპანიის ფარგლებში სკოლები შინ სწავლებაზე გადავიდნენ. ამ წერილში გაგიზიარებთ რამდენიმე რესურსს და აქტივობას, რომელთა დახმარებით შინ სწავლების პროცესი შესაძლოა უფრო კრეატიული და სახალისო გავხადოთ.

 

ტექსტის „უზარმაზარი“ პერსონაჟის შექმნა

ეს აქტივობა ბავშვებს ძალიან მოსწონთ, რადგან მოითხოვს ბევრ ხატვას, ბევრ გაფერადებას და გამოჭრას. ვიღებთ რომელიმე საბავშვო მოთხრობას, – სასურველია, ძალიან დიდიც არ იყოს, – პატარებს ხმამაღლა ვუკითხავთ და პარალელურად ვთხოვთ, წინასწარ მომზადებულ ფურცლებზე მთავარი პერსონაჟის გარეგნობისა თუ ხასიათის ნიშან-თვისებები ჩაინიშნონ. როდესაც ამბავს დავასრულებთ, ვიღებთ დიდი ფორმატის ფურცელს – გამოდგება ძველი მუყაოს დაშლილი ყუთი ან მორჩენილი შპალერის ნაჭერიც – და ვიწყებთ ამ პერსონაჟის ხატვას. თუ სახლში რამდენიმე ბავშვია, შეიძლება, თითოეულ მათგანს პერსონაჟის სხეულის სხვადასხვა ნაწილის დახატვა დავავალოთ, რომ საქმეში ყველა ჩაებას. მაგალითად, ერთი თავს დახატავს, მეორე – ტანს, მესამე – ხელებს, მეოთხე – ფეხებს და ასე შემდეგ. რაც უფრო დიდია პერსონაჟი, მით უფრო ეფექტური გამოდის. ძალიან უხდება გუაშის საღებავით გაფერადებაც.

ყველა რომ მორჩება საქმეს, ვიწყებთ აწყობას. შეგვიძლია გამოვიყენოთ წებოც და სტეპლერიც.

საბოლოოდ ჩვენი გმირი გამოდის დიდი, ფერადი და ცოტათი სასაცილოც. ბავშვებს შეუძლიათ, ზედ ამბისგან მიღებული შთაბეჭდილებები დააწერონ ან შეცვალონ მისი გარეგნობის რომელიმე დეტალი. საინტერესოა, როგორ გამოხატავენ პერსონაჟის ხასიათს, განწყობას…

საკვირაო სკოლაში შევქმენით ასეთი პერსონაჟები და გამოფენაც მოვაწყვეთ:

 

 

მაღაზიობანა

ეს თამაში ალბათ ყველას გვითამაშია ბავშვობაში. ამჯერად ის მათემატიკის ხალისით სწავლებისთვის გამოვიყენოთ. პირველ რიგში, მუყაოსგან გამოვჭრათ ფული – მსხვილი და წვრილი კუპიურები და მონეტები. შეგვიძლია, ბავშვებს შევთავაზოთ, თავად მოიგონონ ფულის დასახელება და დიზაინი, რაც მხიარულებასაც შემოიტანს და შემოქმედებითადაც დატვირთავს თამაშს.

შემდეგ „ვაშენებთ“ მაღაზიას: ორ სკამს ერთმანეთს მივადგამთ, ზემოდან პლედს ან რაიმე ქსოვილის ნაჭერს გადავაფარებთ, რომ დახლის იმიტაცია შევქმნათ და ზედ ვაწყობთ გასაყიდ ნივთებს, რომლებსაც ფასებსაც ვაწერთ. „გასაყიდად“ გამოდგება ყველაფერი, რაც კი სახლში მოგვეპოვება: ტკბილეული, სათამაშოები, სუვენირები, საკანცელარიო ნივთები… გამყიდველი და მყიდველი თავ-თავიანთ ადგილებს იკავებენ. გამყიდველი ფასს ასახელებს და მყიდველს ხურდას უბრუნებს. მერე ერთმანეთს ენაცვლებიან.

 

კითხვის კარავი – ჯადოსნური დრო

„კითხვის კარავი“ წიგნიერების წამახალისებელი აქტივობაა. შევეცადოთ, ის იდუმალ, მისტიკურ ადგილად ვაქციოთ ჩვენი ბავშვებისთვის. რამდენიმე მაღალ სკამს ერთმანეთისგან თითო მეტრის მოშორებით ვდგამთ და ზემოდან დიდ გადასაფარებელს ვაფარებთ, რომ კარავს დაემსგავსოს. კარავში ვაწყობთ ფერად ბალიშებს, რბილ სათამაშოებს, რომ იატაკი ფუმფულა და რბილი იყოს. თუ გვაქვს ფოსფორის, მანათობელი ვარსკვლავები ან პლანეტები, კარავს შიგნიდან ვაწებებთ. ჩვენს პატარას (ან პატარებს) ვაძლევთ ფარანს, ოთახში ვაქრობთ შუქს და ვეუბნებით, რომ ახლა ყველაზე ჯადოსნური დროა, წიგნის კითხვის დრო. შეუძლიათ, თავად აარჩიონ წიგნი და კარავში მოკალათდნენ. კითხვის დასრულების შემდეგ კი ვთხოვთ, გაგვიზიარონ შთაბეჭდილებები, ის გრძნობები და განცდები, რაც კარავში კითხვისას დაეუფლათ.

 

ინტერნეტრესურსები

დასასრულ, მინდა გაგაცნოთ რამდენიმე საინტერესო და ხელმისაწვდომი ინტერნეტრესურსი, რომლებიც სახლში სწავლებას უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ყოველდღიური პროექტები, წიგნიერება, აზროვნება, განვითარება… ამ საიტზე მასალა ასაკის მიხედვითაა დაყოფილი. არჩევანი მრავალფეროვანია. ელექტრონული წიგნები და ამ წიგნებზე დაფუძნებული აქტივობები განსაკუთრებით მათ მოეწონებათ, ვისაც ინგლისურად კითხვა უყვარს. ვიდეოებსაც სიამოვნებით უყურებენ. საიტზე წინასასკოლო რესურსსაც მიაგნებთ:

https://classroommagazines.scholastic.com/support/learnathome.html

 

ყველა ასაკისთვის, ყველა საგნისთვის – დახვეწილი და მაღალპროფესიონალური გაკვეთილები, დაფუძნებული მასწავლებლების გამოცდილებაზე:

https://www.khanacademy.org/

 

სახალისო თამაშები და აპლიკაციები, უამრავი ელექტრონული რესურსი ყველა ასაკისთვის. საიტი მხარს უჭერს კორონავირუსთან ბრძოლას საშინაო განათლების კუთხით და მასზე მდიდარი მასალაა ხელმისაწვდომი:

https://www.twinkl.com/

 

თამაშით სწავლება – სახალისო და საგანმანათლებლო თამაშები:

https://pbskids.org/

 

უამრავი მათემატიკური თამაში ყველა ასაკისთვის, თან თამაშობ, თან მათემატიკას სწავლობ – ძალიან სახალისოა!

https://www.mathgames.com/

 

National Geographic – ის საბავშვო გვერდი უამრავი შემეცნებითი ინფორმაციით, ვიდეოებით, აქტივობებით, ტესტებითა და თამაშებით:

https://kids.nationalgeographic.com/

 

აქ ბავშვებს შეუძლიათ, მარტივი პროგრამირების საშუალებით საკუთარი თამაში ან ანიმაცია შექმნან:

https://scratch.mit.edu/

 

ეს ძალიან საინტერესო საიტი კი ბავშვებს წერისა და კითხვის უნარების გამომუშავებაში დაეხმარება. აქ შეუძლიათ, იკითხონ ან თავად შექმნან წიგნები. დარეგისტრირება აუცილებელია:

https://storybird.com/

 

მსოფლიო ხელოვნების 5000-წლოვანი ისტორია, რომელიც ბავშვებისთვის სახალისოდ, კრეატიულადაა გადმოცემული ერთ დიდ ილუსტრირებულ, მოძრავ რუკაზე. საიტის ჩართვის შემდეგ ჩატვირთეთ რუკა, რომელზეც უამრავ სიურპრიზს აღმოაჩენთ. აქვე ნახავთ ბავშვების მიერ შექმნილ ვიდეოებს ხელოვნების თემაზე:

https://www.metmuseum.org/art/online-features/metkids/

 

თუ ამ რთულ პერიოდს შემოქმედებითად მივუდგებით, ჩვენც და ბავშვებიც ისე გადავიტანთ, რომ მომავალში გახსენებამ ღიმილი მოგგვაროს, ისევე როგორც 90-იანების ცივი, მძიმე დღეების გახსენება დღეს ხშირად გვათბობს და გვახალისებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი