სამშაბათი, აპრილი 30, 2024
30 აპრილი, სამშაბათი, 2024

რა იყო და რა არ იყო, ანუ ცულის ტარზე დატეული დედამიწა

იყო და არა იყო რა. იყო ერთი გოგონა, რომელსაც ზღაპრები ძალიან უყვარდა. როცა გაიზარდა, გადაწყვიტა სხვა პატარებისთვის ესწავლებინა ჯადოსნური სიტყვების უღრან ტყეში სასარგებლო ნაყოფის მოგროვება…

*** 

პირველი ზღაპარი, რომელიც ჩემს მეორეკლასელებს წავუკითხე, „კალის ჯარისკაცი” იყო. მოსწავლეებმა უგულისყუროდ მომისმინეს და გამომიცხადეს: – ეს ამბავი არასდროს მომხდარა, თანაც არც ისეთი პატარები ვართ, გამოგონილ გმირებს რომ დავუჯეროთო. მეც ავდექი და სრულიად საზღაპრეთის გატეხილი სახელის გამთელებას მივყავი ხელი. თავიდან მოსწავლეებს მარტივი, დაუჯერებელი ამბების შეთხზვა ვთხოვე, შემდეგ მათი გმირებისა და თავგადასავლების „გაცოცხლება” ვცადეთ. პატარები თვალებს ხუჭავდნენ და რამდენიმე წუთის წინ გამოგონილ გმირებს წარმოსახვაში აცოცხლებდნენ. ნელ-ნელა ზღაპრებს მიუცუცქდნენ, სცადეს, ნამდვილი ამბავივით” წაეკითხათ და გაეაზრებინათ. ცოტა ხნის შემდეგ, კალის ჯარისკაცს მივუბრუნდით – ანიმაციური ფილმი ვნახეთ. ამჯერად ცალფეხა ჯარისკაცისა და ბალერინას სევდიანი თავგადასავლის მიმართ გულგრილი არავინ დარჩენილა. ასანთის გამყიდველი გოგონას ამბავს ხომ ნუღარ გამახსენებთ (ცრემლების ფრქვევამდე მივიდა საქმე). მოკლედ, ისე დაინტერესდნენ, რომ ყველა უცნობი თუ ნაცნობი ზღაპარი გადაიკითხეს, რაც შინ და ერთმანეთის ბიბლიოთეკებში მოიძიეს. მალე, სასკოლო პროექტის ფარგლებში, მითებისა და ლეგენდების სამყაროსაც გავეცანით.

ძალიან საინტერესო თავგადასავალი გამოგვივიდა. შუა საუკუნეებში გადახვეწილებმა, რიჩარდ ლომგულის, მეფე ართურის, რობინ ჰუდის, ჯვაროსნებისა და რაინდების სამფლობელოში ამოვყავით თავი:

ზღაპრისა არ იყოს, პატარებმა ლეგენდებსაც ეჭვის თვალით დაუწყეს ცქერა – ექსკალიბურივით ჩაეჭედნენ სიმართლის კლდეში და ცხადსა და გამოგონილს შორის ზღვარის გავლებას დიდი ისტორიკოსებივით ცდილობდნენ. დროულად მივხვდი, რომ მერლინის ჯადოქრობაზე მეტად მშობლიურ მიწაზე დაღვრილი სისხლი მიშველიდა და დავით აღმაშენებელზე მოვუყევი; მასთან ერთად შევაკოწიწეთ დაქსაქსული სამშობლო, ხმალი ვიქნიეთ, დიდგორიც ვიზეიმეთ. კვირის ბოლოს, შერვუდის ტყე და ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული ქვეყანა უკან მოვიტოვეთ და ცხრა მთასა და ცხრა ზღვას იქით მდებარე ქართული ზღაპრებისა და მითების სამყაროსკენ მიმავალ გზას დავადექით.
მიწის კაცი და მზის ჭაბუკი

ქართული ზღაპრების მიმართ ყოველთვის სიფრთხილეს ვიჩენდი. დღემდე გაუგებარია ჩემთვის იმ სისასტიკის მიზეზი, რაც თითქმის ყველა ამბავში გვხვდება. საკმარისია გავიხსენოთ ჩიტი-ჩიორას დაბრმავებული დედური ინსტინქტი, ნაცრისქექია „ხერხის” მიერ საკუთარი სახლიდან გამოძევებული „ღონე”, ცხრა მთას იქით ძალის გასაზომად სიარული და „განსხვავებული” სიბრიყვეების მოჭრილ თავებზე შემოსკუპებული „ვალმოხდილი გმირობა”.

ამიტომ, სანამ ქართული ზღაპრის კარს შევაღებდი, მითოლოგიით დავიწყე. ბავშვებს ძალიან უყვართ მითები. ქრისტიანობამდელი რწმენა-წარმოდგენები ხომ ჩვენი შორეული წინაპრების ე.წ. რელიგიაა. ჩემი აზრით კი, ბავშვების გულუბრყვილო ცნობიერებაში ამ ორი ცნების შეერთებით მსგავსი ფორმულა მიიღება: რწმენას + რელიგია = სინამდვილეს

მითური პერსონაჟებიდან ამირანი შევარჩიე; წავიკითხეთ, წარმოვიდგინეთ, ვხატეთ… ინფორმაციის მიწოდების დროს ძალიან შევეცადე, მათთვის ასე მნიშვნელოვანი „რეალობასთან კავშირი” შემენარჩუნებინა და კავკასიონზე მიჯაჭვული გმირის „გასაცოცხლებლად” რა არ ვიღონე:

,,კავკასიის ქედზე იყო
ამირანი მიჯაჭვული,
ყვავ-ყორანი ეხვეოდა,
დაფლეთილი ჰქონდა გული.
ქვეყნად ცეცხლის მოტანისთვის
გულს ცეცხლი არ ჰნელდებოდა,
და რაღაცა მანქანებით
წყლული ისევ მთელდებოდა.
ჰქონდა ჭირში მოთმინება:
არც ჰკვნესოდა, არც ოხვრიდა;
უსამართლო ძლიერებას
მონურად ქედს არ უხრიდა!
ბოლოს მაინც გამარჯვება
დარჩა!.. ყველა გააოცა!..
და ის ღვაწლი მაგალითად 
მიწის შვილთა მან გადმოსცა.
კავკასიის მაღალ ქედზე
მიჯაჭვული ამირანი 
არის მთელი საქართველო
და მტრები კი ყვავ-ყორანი.
მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება 
ამდენი ხნის გასაჭირი!..”

აკაკი წერეთლის ლექსმა, გარდა იმისა, რომ განამტკიცა მითოლოგიური წყაროდან მიღებული ინფორმაცია, ამბის ალეგორიული თვალსაზრისით განხილვის საშუალებაც მოგვეცა. კავკასიონის ქედიდან ირემთ კალოსაც (კოპალას საცხოვრებელი) მივაწვდინეთ თვალი. ოჩოპინტრეს ცელქობაზეც ბევრი ვიცინეთ. კვირის ბოლო დღისთვის კი, გემრიელ ლუკმად, „თეთრ ცხენზე ამხედრებული პრინცი” შემოვინახე. მსუბუქი ირონიითა და გემრიელი იუმორით ზომიერად შეზავებული „გველეშაპი და მზეჭაბუკი” სწორედ რომ დროული გამოდგა ამდენი ახალი ინფორმაციით გადაღლილი პატარა თავებისთვის:

ხალხური ზღაპრებისა და თქმულებების დალაშქვრის შემდეგ ლიტერატურული ზღაპრის დროც დადგა. „საქმენი საგმირონია” ხომ მხოლოდ ხმლის ქნევა და მტრის ჟლეტა არ არის, ამიტომ შევეცადე, ისეთი პერსონაჟი შემერჩია, რომელიც საუკეთესო პიროვნული თვისებებით გამოირჩევა და მისი არსად ნამყოფ-ნაბრძოლი ცხოვრება „სიზმრის რაინდისა” და ზანტი საჭურველმტვირთველის ფუჭ ხეტიალს ნამდვილად სჯობია.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, ბედნიერი უფლისწული და მისი ერთგული მეგობარი გამახსენდა. ბავშვები ჯერ კითხვისთვის მოვამზადე: ვესაუბრე გაჭირვებულ ადამიანებზე, ქვაზე ჩუმად დადებულ სიკეთეზე, რომელიც ხშირად შეუმჩნეველი რჩება, რადგან ადამიანებს დაკვირვებულობა და გულისყურით ხედვა აკლიათ. ამიტომაც გვიკვირს, როცა თბილ ქვეყნებს შეფარებულ ხანგრძლივ სიცოცხლეს ვინმე ზამთრის დღეებივით მოკლე, მაგრამ სრულყოფილ არსებობას ამჯობინებს. 

მეგონა, ექვსი-შვიდი წლის ბავშვები ჩახლართული სიუჟეტის ზედაპირს ვერ გასცდებოდნენ, მაგრამ შევცდი. ყველაზე დიდი აღფრთოვანება ამირანსა და მზეჭაბუკს კი არა, „უსულო” ქანდაკებას ხვდა წილად. ისინი დაბრმავებული უფლისწულის ნაცვლად იყურებოდნენ, ეძებდნენ და ეხმარებოდნენ გაჭირვებულებს, დაუზარელ მერცხალთან ერთად დაფრინავდნენ ყინულივით ცივ ღამეში „სიკეთის ქვაზე დასადებად”.

ახლა რეალურ ისტორიებს მოვუყვები. შევეცდები, თანამედროვე ადამიანებში ამოვაცნობინო ამირანი, მზეჭაბუკი თუ ბედნიერი უფლისწული. ჯერ მათ თანატოლებზე ვუამბობ, ისეთებზე, სკოლისაკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე სოფელი, მუხლამდე თოვლი, თავსხმა წვიმა ან პაპანაქება სიცხე რომ ეღობებათ. ბავშვებზე, რომლებიც უფსკრულში ჩაკიდებული ბაგირისა თუ ვარცლის მსგავსი ნავების მეშვეობით, ანუ ნებისმიერი გზით მიფრინავენ, მიცურავენ, სკოლისაკენ მიიჩქარიან. შემდეგ რისკის შემცველ პროფესიებს განვიხილავთ. იქნებ ერთი „გმირი” დედიკო ან მამიკო ჩვენს კლასშიც მოიძებნოს და მოვიწვიოთ. მაშინ საუბარი მართლაც ეფექტური და შედეგიანი იქნება.

ბოლოს ბორბლებიანი სავარძლებით, ჩამქრალი თვალებით, მთელი ცხოვრების სამყოფი სიჩუმით „დასაჩუქრებულ” სამყაროშიც მინდა შევიხედოთ. მართალია, მტკივნეული თემაა, მაგრამ პატარებმა, ჯობია, თავიდანვე გაუსწორონ თვალი განსხვავებულ სამყაროს. იცოდნენ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელი შრომის ფასად აღწევენ თუნდაც ისეთ ჩვეულებრივ მიზანს, როგორიც განათლების მიღებაა. აქაც რეალურ ისტორიას მოვიშველიებ:

ერთხელ, მე და ჩემი მეგობრები უსინათლოთა სკოლაში მიგვიწვიეს პოეზიის საღამოს ჩასატარებლად. ცოტათი მეშინოდა, ისეთი არაფერი წამომცდენოდა (წამეკითხა), ამ კონკრეტულ გარემოში არაკორექტულად რომ გაიჟღერებდა. თურმე როგორ ვცდებოდი… შეხვედრის ბოლოს გამაყრუებელი ხმაურითა და გაუთავებელი კონფლიქტების ჭუჭყით სავსე რეალურ სამყაროში დაბრუნება აღარ მინდოდა. არსად შემხვედრია ასეთი ყურადღებიანი და მადლიერი მსმენელი. ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი საკუთარი ლექსები გვისახსოვრეს, გულუხვად გაგვიმასპინძლდნენ, თბილი სიტყვები არ დაიშურეს, გაჩერებამდე გამოგვაცილეს, მერე კი წყვილ-წყვილად, ხელიხელჩაკიდებულები და ღიმილიანები დაუბრუნდნენ ერთმანეთს. მათ სამყაროში მართლა ეტეოდა ცულის ტარზე დედამიწა. „ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ ქრისტე და მას ვაჩვენოთ სიყვარული, მაგრამ ხომ შეგვიძლია, დავინახოთ ადამიანები და მათ მიმართ გამოვხატოთ ის სიყვარული, რომელსაც გამოვავლენდით ქრისტესთან, მისი დანახვა რომ შეგვძლებოდა” (დედა ტერეზა).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ჩემი „ვანგოგენი“

ეული ყველასთან ერთად

დარდისას გეტყვი

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი