ავტორი: დათო ლობჟანიძე

 

“კარგი წიგნი უნდა ჰგავდეს ნაჯახს, რომელიც ჩვენს სულში გაყინულ ზღვას აპობს.”

ფრანც კაფკა

ფილმის „მკვდარი პოეტების საზოგადოება“ ერთ-ერთ სცენაში რობინ უილიამსის პერსონაჟი მაგიდაზე დგება და ამბობს: „მაგიდაზე იმიტომ ვდგავარ, რომ საკუთარ თავს შევახსენო, რომ მოვლენებს მუდამ სხვადასხვა კუთხიდან უნდა შევხედოთ“. დენიელ კიზის ნაწარმოების, „ყვავილები ელჯერნონისთვის“ მთავარ გმირს, ჩარლი გორდონს  სამყაროს დანახვის სამი სხვადასხვა პოზიციიდან საშუალება ჰქონდა.

მკითხველი რომანის დასაწყისში ჩარლის დღიურს ეცნობა. ჩარლი შეზღუდული გონებრივი შესაძლებლობის მქონე მამაკაცია. მას ექსპერიმენტალური ოპერაცია უნდა ჩაუტარონ, რომლის მიზანი მისი ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლებაა. ოპერაცია წარმატებით ჩაივლის და ჩარლი დროთა განმავლობაში გენიალურ ინდივიდად გარდაისახება. თუმცა, აქვე ჩნდება კითხვა, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება „წარმატებული ექსპერიმენტი“ და რა საბოლოო შედეგს მოიტანს.

დენიელ კიზი თავის ნაწარმოებში ენტონი ბერჯესის „მექანიკური ფორთოხალის“ მსგავს კითხვას მორალური კატეგორიიდან  სვამს, დასაშვებია თუ არა, ხელოვნური ჩარევის გზით ადამიანის შეცვლა? შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელი ავტორის მსგავსად, კიზი ამ კითხვაზე უარყოფით პასუხს სცემს და გვახსენებს, რომ მსგავსი ჩარევა აუცილებლად ფიასკოთი უნდა დასრულდეს.

თუმცა, კვლავ მორალურ კატეგორიას თუ დავუბრუნდებით, ალბათ უფრო მნიშვნელოვანია ფოკუსირება არა უშუალოდ ჩარლიზე, არამედ მის ირგვლივ მყოფ ადამიანებზე მოვახდინოთ და ამ დაკვირვებით ერთგვარ სარკეში ჩავიხედოთ და დავფიქრდეთ თუ რამდენად სწორად აღვიქვამთ სამყაროს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ, „ყვავილები ელჯერნონისთვის“ დაცლილია პოსტმოდერნისტული კეკლუცობისგან და მკითხველს საკმაოდ თამამად აჩვენებს, თუ რა არის ცუდი და რა არის კარგი.

რომანში საინტერესოა რორშახის ტესტის ეპიზოდი, რომელიც როგორც ლაკმუსის ქაღალდი ისე შეიძლება აღვიქვათ. სწორედ აქ ვიგებთ, რომ „მნიშვნელოვანია არა ის, თუ რას ვხედავთ აბსტრაქციებში, არამედ როგორ ვრეაგირებთ ტესტზე“. მართალია ჩარლი ოპერაციის შემდეგ გენიოსად გვევლინება, მაგრამ ხდება თუ არა ის პიროვნება, ან იქნებ ის პიროვნება უკვე იყო და ოპერაციის შემდეგ ხომ არ დაუკარგავს თვისებები, რომლებიც ასეთად ხდიდა?

სკეპტიკოსებისგან არაერთხელ მომისმენია, რომ მხატვრულ ლიტერატურას არ შეუძლია ადამიანის უკეთესობისკენ შეცვლა. ეს მოსაზრება შეიძლება მართებული იყოს, მაგრამ ასევე მჯერა, რომ კარგ წიგნს ადამიანის შეცვლა თუ არა, მასში მიძინებული დადებითი თვისებების გაღვიძება მაინც შეუძლია და თუ ასეთი წიგნები არსებობენ, „წიგნები ელჯერნონისთვის“ ერთ-ერთი მათგანია.