პატიმარი No5

– არაფერში ვარ დამნაშავე, მე ხომ ასე მასწავლიდნენ.
– ყველას ასწავლიდნენ, მაგრამ პირველი მოწაფე რად იყავი?!
ევგენი შვარცი. “დრაკონი”

Albert Speer ნიურბერგის ტრიბუნალის განსასჯელებმა განსხვავებული ტაქტიკა აირჩიეს – ერთნი ბრალს აღიარებდნენ და მსაჯულთ შეწყალებას სთხოვდნენ, მეორენი მზადყოფნას გამოთქვამდნენ, პასუხი ეგოთ, მესამენი – ყველაფერს უარყოფდნენ… ალბერტ შპეერი თავს დამნაშავედ ცნობდა და წუხდა მხოლოდ იმაზე, რომ ჰოლოკოსტისა და პატიმართა განადგურების შესახებ არაფერი იცოდა. რომ ცოდნოდა – წამითაც არ დარჩებოდა ჰიტლერის გვერდით. რომ ცოდნოდა – პირველი ეცდებოდა ამ სადიზმის შეჩერებას.

თუ ჰიტლერს ჰყავდა მეგობარი – ეს, ალბათ, ალბერტ შპეერი იყო. მასა და ფიურერს ბევრი საერთო ინტერესი ჰქონდათ, პირველ ყოვლისა კი – ხუროთმოძღვრება. ჰიტლერი, როგორც ცნობილია, ხატავდა და არქიტექტორობას აპირებდა, მაგრამ ვენის სამხატვრო აკადემიაში არ მიიღეს. შპეერმა კი წარმატებით დაასრულა უნივერსიტეტი და 1933 წელს, როდესაც მისი და ფიურერის გზები პირველად გადაიკვეთა, ნიჭიერ და იმედისმომცემ არქიტექტორად ითვლებოდა. 1934 წლის ნიურნბერგის პარტიული კრების ტრიბუნის მშენებლობა პირველი საპასუხისმგებლო დავალება და ალბერტ შპეერის კარიერის დასაწყისი იყო. 1937 წელს უკვე სრულიად ბერლინის სახის შეცვლა დაავალეს. ახალ ბერლინს ძველი ბერლინის ნანგრევებზე აგებდნენ. მანამ, სანამ 1945 წელს დედაქალაქის დაბომბვას საბჭოთა არტილერია დაიწყებდა, ბერლინის ნგრევას ახორციელებდა შპეერი – 20’000-ზე მეტი შენობა დაანგრია, რომ ახალი ნაგებობებისთვის ადგილი გაეთავისუფლებინა. მან ააგო რაიხსკანცელარიის გრანდიოზული შენობა და, შემოქმედებითთან ერთად, დიდი საორგანიზაციო ნიჭიც გამოავლინა –  გიგანტური მშენებლობა სულ რაღაც ერთ წელიწადში დაასრულა.

Speer and Hitlerსწორედ ეს საორგანიზაციო ნიჭი დაუფასა ჰიტლერმა, როდესაც 1942 წლის დასაწყისში არქიტექტორ შპეერს მესამე რაიხის შეიარაღებისა და სამხედრო მრეწველობის მინისტრის პოსტი შესთავაზა. ჰენრი ფორდი ამბობდა, რომ არასდროს – არც მანამდე და არც შემდეგ გერმანულ სამხედრო მრეწველობას არ უმუშავია ისე გამართულად, როგორც შპეერის დროს.

პირველი სამხედრო ამოცანა, რომლის გადაწყვეტასაც მინისტრი შეეცადა, ახალი ტიპის წყალქვეშა ნავების წარმოება იყო. იმდროინდელ წყალქვეშა ნავებს წყალქვეშა ერქვათ, თორემ დროის უდიდეს ნაწილს წყლის ზედაპირზე ატარებდნენ – დიზელის ძრავებზე მომუშავეთ მხოლოდ ასე შეეძლოთ მაღალი სიჩქარით ცურვა, წყალქვეშ კი უშუალოდ სამხედრო ოპერაციის შესრულებისას ჩადიოდნენ. ეს მათ მოწინააღმდეგის ავიაციისთვის მოწყვლადს ხდიდა.

შპეერის გეგმით წყალქვეშა ნავი 21 მაღალი მოცულობის აკუმულატორითა და გაუმჯობესებული ელექტროძრავით უნდა ყოფილიყო აღჭურვილი, რაც წყალქვეშ დიდი ხნით დარჩენასა და 17 კვანძი სიჩქარის განვითარების საშუალებას მისცემდა. ამასთან, ეს აკუმულატორები სწრაფად იტენებოდა – 3 საათი წყალსზემოთ დიზელზე სვლა სრულად საკმარისი იყო მათ დასატენად.

ახალი წყალქვეშა ნავების წარმოება შპეერმა ოტო მერკერს დაავალა, რომელიც იქამდე ხანძარსაწინააღმდეგო დანადგარებს აწარმოებდა. მერკერი რევოლუციონერი იყო – მან მოიგონა მეთოდი, რომელსაც დღეს აუთსორსინგს ვუწოდებთ: სახანძრო დანადგარის სხვადასხვა ნაწილის წარმოება გარე-კომპანიებს გადაუნაწილა. შპეერმა და მერკერმა უკიდურესად გადატვირთული სამხედრო საწარმოები აუთსორსინგის გზით განტვირთეს და წარმოების ეფექტიანობა რამდენჯერმე გაზარდეს.

შპეერმა დაიწყო ახალი ტანკების – Sturmtiger-ის და Panzerkampfwagen V Panther-ის წარმოება, ისევე როგორც მსოფლიოში პირველი რეაქტიული თვითმფრინავის –  Messerschmitt Me 262-ის და ბალისტიკური რაკეტა V-2-ის წარმოებაც… ეს ყველაფერი გერმანიის მასირებული ავია-დაბომბვის ფონზე, როდესაც მოკავშირეების ავიაცია ცდილობდა გერმანიის სამხედრო მრეწველობისა და კომუნიკაციების მოშლას – და მიზანმიმართულად ბომბავდა პორტებს, რკინიგზას, სამხედრო ქარხნებს. მხოლოდ რურის მხარის დაბომბვას ბრიტანული ავიაფლოტის 600 ბომბდამშენი შეეწირა. რომარა შპეერი გერმანიის სამხედრო ინდუსტრია გაცილებით ადრე გატყდებოდა წელში და, ვინ იცის, რამდენი ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა.

ალბერტ შპეერმა საკონცენტრაციო ბანაკების პატიმრები სამხედრო წარმოებაში ჩააბა. სიმენსი, დაიმლერ-ბენცი, ბაიერიშე მოტერვერქე (BMW) – ყველა საზრდოობდა პატიმართა შრომით. ჰიმლერი განრისხებული იყო, მას იმედი ჰქონდა, რომ სამხედრო მრეწველობას შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუქვემდებარებდნენ, მაგრამ შპეერმა თავისი გაიტანა და ჰიტლერს საკონცენტრაციო ბანაკების მუშა-ხელზე ფაქტობრივი კონტროლი გამოსტყუა. მოგვიანებით მისი ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ ამ გზით უამრავი ტყვე გადაურჩა სიკვდილს.

Arno_Breker and Albert Speerსიკვდილს გადაურჩა შპეერიც. ნიურნგბერგის ტრიბუნალმა 20 წელი მიუსაჯა. “პატიმარმა ნომერი 5” შპანდაუს ციხეში ბოლომდე მოიხადა სასჯელი. შეწყალებას არ ითხოვდა. ამბობდა, რომ დამნაშავე იყო, თუმცა ნაცისტების მიერ ჰუმანურობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებებზე არაფერი იცოდა. ციხიდან პატიოსანი კაცისა და “კარგი ნაცისტის” რეპუტაციით გამოვიდა. პირველივე ვრცელი ინტერვიუსთვის 50’000 მარკა შესთავაზეს ჰონორარის სახით.

გათავისუფლების შემდეგ შპეერი წერდა მემუარებს, მონაწილეობდა დოკუმენტურ ფილმებში როგორც სცენარისტი, კონსულტანტი და საკუთარი როლის განმასახიერებელი, ყიდიდა ნახატებსა და ანტიკვარიატს, რომელიც მესამე რაიხის ზეობის დროს შეიძინა, იყო რამდენიმე სამშენებლო კომპანიის კონსულტანტი, კერძო შეკვეთებზეც მუშაობდა, როგორც არქიტექტორი და 1981 წელს თავისუფალ, მდიდარ და პოპულარულ ადამიანად მოკვდა. ბედნიერი კაცის სიკვდილით. არა სახრჩობელაზე, არა ციხის კამერაში, არამედ  – საავადმყოფოში, სადაც მას შემდეგ მიიყვანეს, რაც გაცილებით მასზე ახალგაზრდა საყვარელი ქალის ლოგინში, სექსისა და ჭიქა ფრანგული კონიაკის შემდეგ, ნეტარებისა და მაღალი წნევისგან სისხლი ჩაექცა ტვინში.

უცნაურია, მაგრამ გერმანიაში, სადაც წლების განმავლობაში გენერალ ფონ ტრესკოვს, ფონ შტაუფენბერგს, ლუდვიგ ბეკს და ჰიტლერზე 20 ივლისის თავდასხმის სხვა მონაწილეებს მოღალატეებად და სამხედრო ფიცის გამტეხებად მიჩნევდნენ, ალბერტ შპეერი, ლამის, ნაცისტურ რეჟიმთან შიგნიდან მებრძოლ ადამიანად იქცა. ის აცხადებდა, რომ საბოტირებდა ფიურერის ბრძანებებს “გადამწვარი მიწის” შესახებ. ის ამტკიცებდა, რომ არ იცოდა, თუკი სამხედრო ბანაკებში ადამიანებს გაზით ხოცავდნენ, თუ მათზე სამედიცინო ექსპერიმენტები ტარდებოდა. ის იგონებდა, თუ როგორ ამზადებდა ჰიტლერზე თავდასხმას… მარტო, თანამზრახველების გარეშე.

შპეერის მოგონებათაგან ნაწილი, უნდა ითქვას და, სიმართლეა – მესამე რაიხის ბოლო დღეებში, ჰიტლერის ბრძანების მიუხედავად, მან მართლაც შეინარჩუნა მისადმი მინდობილი გერმანული საწარმოების დიდი ნაწილი, არ მოსპო, არ დაანგრია, არ ააფეთქა ის, რაც მოკავშირეების ავიადარტყმებს გადაურჩა… მაგრამ ლეგენდა კარგ ნაცისტზე, რომელიც ლამისაა და სულაც არ იყო ნაცისტი, უბრალოდ ცუდი მთავრობის კარგი ჩინოვნიკი იყო, ასრულებდა თავის მოვალეობას, Albert-Speerუგულებელყოფდა დანაშაულებრივ ბრძანებებს და არაფერი იცოდა ჰოლოკოსტის შესახებ – დღეს უკვე დაინგრა. ახლა დანამდვილებითაა ცნობილი, რომ ალბერტ შპეერი ესწრებოდა ჰიმლერის პოზენის სიტყვას, სადაც რაიხსფიურერმა განაცხადა: “ჩვენ უნდა მივიღოთ რთული გადაწყვეტილება – ეს ერი (ებრაელები) წარვხოცოთ პირისაგან მიწისა”. შპეერი ამტკიცებდა, რომ კონფერენცია დასტოვა მანამ, სანამ ჰიმლერი სიტყვით გამოვიდოდა, არადა ამ სიტყვის წარმოთქმისას ჰიმლერმა პირადად მიმართა შპეერს: “ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და პარტიის წევრი შპეერი ამას უკვე ვერ შეცვლის”… ჰიმლერის ნათქვამიდან ჩანს, რომ ალბერტ შპეერი ეწინააღმდეგებოდა ჰოლოკოსტს, მაგრამ, ეჭვგარეშეა, ის მონაწილეობდა დისკუსიებში, რაც “ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტას” ეხებოდა. ასე რომ “არცოდნა” ზღაპარია და მითი. ახლახანს აღმოჩნდა წერილიც, რომელიც “კარგმა ნაცისტმა” ბელგიის წინააღმდეგობის მოძრაობის მეთაურის ქვრივს, ელენ ჟანტის მისწერა 1971 წელს. იქ ახსენებს პოზენის 43 წლის ოქტომბრის კონფერენციას და ჰიმლერის სიტყვას, რომელსაც მოუსმინა.  გარდა მაგისა აღმოჩენილია დოკუმენტები, საიდანაც დასტურდება, რომ შპეერი ხელმძღვანელობდა ან, როგორც მინიმუმ, გასცა ნებართვა 75’000 ებრაელის ბერლინიდან გასახლებაზე.

როგორ წარიმართებოდა ალბერტ შპეერის ცხოვრება სხვა დროს ან სხვა ქვეყანაში რომ დაბადებულიყო? ასეთი კითხვა ხშირად მომისმენია იმ “შპეერებზე” საბჭოთა კავშირში რომ დაიბადნენ. არვის აქვს უფლება, მეორე ადამიანს გმირობა მოსთხოვოს, მაგრამ გმირობას ვინ ამბობს – ნიჭიერმა არქიტექტორმა და ნოვატორმა ადამიანმა ცხოვრების აქტიური წლები ნგრევასა და უბედურების თესვაში გახარჯა. შეეძლო, გაცლოდა, მაგრამ ამის ნაცვლად არჩია, ყოფილიყო პირველი მოწაფე. და, ზოგჯერ – მასწავლებელიც.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 4.0 Unported License.

___

P.S.

27 იანვარი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა.

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

4 thoughts on “პატიმარი No5”

  1. არ ვიცოდი, საინტერესო ამბავია.
    ამ მაგალითიდანაც ჩანს, რომ გამორიცხულია მთავრობაში ყოფილიყავი და რამე არ გცოდნოდა. ამიტომ იყო ყველა დამნაშავე.

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.