დაწყევლილი პრეზიდენტები

William Henry Harrison by Zachary Taylorყველაფერი დაიწყო 1800 წელს, როდესაც უილიამ ჰენრი ჰარისონი ინდიანის გუბერნატორი გახდა… ისტორიკოსებმა, ეგებ მითხრან, რომ ცოტა უფრო ადრეც დაიწყო, მაგრამ ასე შორსაც არ წავალ. მოკლედ, 1800 წელი იყო და ინდიანის  მხარეში (ჯერ შტატიც არ იყო იმ დროს) ახალი გუბერნატორი ჩაბრძანდა. მიიხედა, მოიხედა და ნახა, რომ რაც რამ კარგი მიწები იყო, ინდიელებს ეჭირათ. ანკი ვის უნდა სჭეროდა, თუკი სხვა არც ვინ ცხოვრობდა. სახელი ინდიანაც ხომ აქედანაა… გუბერნატორს კარგი და ცუდი მიწის გარჩევა რას შეეშლებოდა – ბოლო-ბოლო მდიდარ პლანტატორთა ოჯახიდან იყო. მიწისთვის ბრძოლა რომ ღირს, ესეც იცოდა – მისი მამა დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმომწერი და დამოუკიდებლობისთვის ომის მონაწილე ბრძანდებოდა, თავად უილიამ ჰარისონიც მონაწილეობდა ბრიტანელებთან ომში, სასაზღვრო ჯარში მსახურობდა ლეიტენანტის ჩინით და გენერალ “გადარეული” უეინის შტაბსაც ხელმძღვანელობდა… მაგრამ, ჩანს, დიპლომატის ნიჭიც ჰქონდა და გველს რომ ტკბილი ენით შეაბამ, ეგეც უწყოდა, ამიტომ ინდიელთა ტომის ბელადებთან მოლაპარაკებები გამართა და მათგან 12’000 კვადრატული კილომეტრი მიწის ნაკვეთი შეიძინა. ერთბაშად არა. ნელ-ნელა და ნაბიჯ-ნაბიჯ. უფრო ზუსტად – გოჯ-გოჯ. ლამის 10 წელი მოანდომა ამ საქმეს. ბოლოს ყველა ბელადი, ინდიელებში რომ სიტყვა ეთქმოდა და წონა ჰქონდა, მოთაფლა. ყველა ერთის გარდა – შაუნის ტომის ბელად ტეკუმსესი…

Tecumseh ეს ტეკუმსე ცოტა ახირებული კაცი იყო – შაუნის სხვა ბელადებმა ჰარისონთან შეთანხმებას ხელი მოაწერეს, მაგრამ ამან მოკასინები უკუღმა ყარა, შეთანხმება არა სცნო და, რაკი თავისიანებში ვერ მორიგდა, ხუთი ტომის ბელადთან სცადა მორიგება – წავიდეთ, ამერიკელები გავყაროთო. ეს ხუთი ტომი (ნიუ იორქის ხუთი ოჯახისა არ იყოს) ამერიკელ ინდიელთა ხუთ ყველაზე ძლიერ და მდიდარ ხალხს წარმოადგენდა. მაშინაც და დღესაც. ამჟამინდელი შტატ ოქლაჰომის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ. მაშინაც და ახლაც. სწორედ იქეთკენ გაემგზავრა ბელადი ტეკუმსე, გუბერნატორმა ჰარისონმა კი დრო იხელთა და თავისი ჯარით ტეკუმსეს მიწების საზღვარი გადალახა. 1811 წლის 7 ნოემბერს თიფექანუს ბრძოლაში გუბერნატორმა ჰარისონმა ინდიელებს სძლია. ტეკუმსეს მასში მონაწილეობა არ მიუღია (როგორცა ვთქვი, დიდ ხუთეულთან იმყოფებოდა მაგ დროს), მაგრამ ჰარისონი კი დაწყევლა. მას შემდეგ რამდენმა დრომ ჩაიარა აგერ. თავად ტეკუმსე აშშ-ბრიტანეთის ომის დროს დაიღუპა 1813 წელს (სხვათა შორის, მისი უდიდებულესობის გენერლის ჩინით). ბრიტანელები დამარცხდნენ. ამერიკელები და ინდიელები ასე იყო თუ ისე იყო, მორიგდნენ. აქეთური. იქეთური… ტეკუმსეს წყევლამ კი ლამის 200 წელი გაძლო – აშშ-ს პრეზიდენტი, რომელიც არჩევნებში იმარჯვებს წელს, რომელიც მთავრდება 0-ით, საპრეზიდენტო ვადის ბოლომდე ვერ მიატანს სულს.

უილიამ ჰენრი ჰარისონმა არჩევნებში გაიმარჯვა 1840 წელს და ამით, თითქოს ღილაკზე დააჭირა ხელიო, ტეკუმსეს წყევლა აამოქმედა. 1841 წლის 4 მარტს მან ფიცი დადო, ოვალური კაბინეტი დაიკავა და… 4 აპრილს გრიპის ვირუსმა მოუღო ბოლო.

აბრაამ ლინქოლნმა არჩევნებში 1860 წელს გაიმარჯვა. 1865 წლის 14 აპრილს მსახიობმა ჯონ უილქს ბუთმა სპექტაკლის ბოლომდე ნახვა არ აცალა და ფორდის თეატრის ლოჟაში მოკლა.

1880 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ჯეიმს გარფილდმა, რომელიც 1881 წლის 2 ივლისს ადვოკატმა შარლ გიტომ მოკლა.

1900 წელს ამერიკელებმა მეორე საპრეზიდენტო ვადით აირჩიეს უილიამ მაქქინლი. 1901 წლის 6 სექტემბერს ის ანარქისტმა ლეონ ჩელგოშმა მოკლა.

უორენ ჰარდინგმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა 1920 წელს, 1923 წლის 2 აგვისტოს ის ინსულტით (ან, შესაძლოა, გულის შეტევით) გარდაცვალა.

1940 წელს ფრანქლინ დელანო რუზველთმა მესამედ გაიმარჯვა არჩევნებში და პირველი პრეზიდენტი გახდა, ვინც თეთრ სახლში ორ ვადაზე მეტი დაჰყო და პირველი, ვინც ნულოვან წელს არჩეულმა საპრეზიდენტო ვადა ბოლომდე ჩაამთავრა. მაგრამ ტეკუმსეს წყევლამ მასაც უწია – 1944 წელს რუზველთმა კიდევ ერთხელ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, გაიმარჯვა, 1945 წლის 12 აპრილს კი სისხლი ჩაექცა ტვინში და გარდაიცვალა.

ჯონ ფიცჯერალდ ქენედიმ არჩევნებში გაიმარჯვა 1960 წელს. 1963 წლის 22 ნოემბერს ის ლი ჰარვი ოსვალდმა მოკლა.

1980 წლის არჩევნებმა წარმატება რონალდ რეიგანს მოუტანა. 1981 წლის 30 მარტს სასტუმრო “ჰილთონის” წინ პრეზიდენტს ჯონ ჰინქლი უმცროსი დაესხა თავს და, სანამ დაცვის სამსახური მის დაპატიმრებას მოახერხებდა, დოლურა დააცალა. ექვსი ტყვიიდან რეიგანს ერთი მოხვდა – მკერდში. დაუზიანა ნეკნი და ფილტვი. პირადმა დაცვამ, ექიმებმა, დროულად გაკეთებულმა ოპერაციამ და რონალდ რეიგანის კარგმა ფიზიკურმა ფორმამ ტეკუმსეს წყევლაზე იმარჯვა.

2000 წელს აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უმცროსი გახდა. ვლადიმირ არუთინიანისა და რგდ-5-ის ამბავი კი იცით. ხელყუმბარა არ აფეთქდა. ბუშს ყურიც არ შეუბარტყუნებია. ამბობენ, რომ რეიგანმა ტეკუმსეს წყავლა დაამსხვრია.

თუმცა, ნუ ავჩქარდებით და 2020 წელს დაველოდოთ.

ტეკუმსე ხომ სამობითააო, ამასაც ამბობენ.

Creative Commons License © Lord Vader. Stylish Blog. საავტორო უფლებები დაცულია. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial 3.0 Unported License.

___

ყოველი წლის თებერვლის მე-3 ორშაბათს ამერიკელები პრეზიდენტის დღეს აღნიშნავენ. 2014-ში ეს 17 თებერვალს უწევს. შეიძლება ვინმემ შავ იუმორში ჩამომართვას, მაგრამ ამ პოსტით ამერიკელებს პრეზიდენტის დღეს ვულოცავ. ტეკუმსე არა კუ.

Washingtons Day

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

11 thoughts on “დაწყევლილი პრეზიდენტები”

    1. გრიპი გართულებული ფილტვების ანთებითა და პლევრიტით.

      შეთქმულების თეორიების მე არ მჯერა. 🙂 ოფიციალურად დადასტურებული ვერსიაა, რომ არუთინოვმა ბუშს ესროლა რგდ. ბულშითი იქნება, როცა ვინმე გამოიძიებს ხელახლა და უარყოფს ფაქტებით.

      ვისთვის მისტიკაა, ვისთვის დამთხვევა. 🙂

      Like

  1. მარტო ამ ტეკუმსეს მედზე ეომ იყვნენ, 0-დაბოლოებულებისთვის ამ კაცს უნდა მიეხედა, 2;4;6;8-ზე დანოლოებულებისთვის სხვა ოთხ ბელადს და აშენხებოდნენ. იქნებოდა დღეს მექსიკის დომინაცია

    Like

    1. სწორი ტაქტიკაა, თუმცა იანკებმა დაასწრეს და სხვა ბელადები შეაბეს 🙂 ამიტომ დამაწყევარი მარტო ტეკუმსე დარჩა.

      Like

      1. კაცო, ეგრე როფორ უნდა გაწყდე, რომ ერთი-ორი ყოჩაღი მაწყევარი ვერ იპოვო.

        ეხ, ტეკუმსე, ტეკუმსე. –ამაო ყოფილა ყველაფერი და რა ტყუილად შეიწირე ამდენი ხალხი

        Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.