Carpe Diem

შაბათის პოსტი

იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთსი რა იქნებოდა და ა.შ. და ა.შ…

ცხოვრობდა ერთი ბავშვი. ამბობენ, სადღაც სან დიეგოში ცხოვრობდაო, მაგრამ, შეეძლო ბერლინში ეცხოვრა ან, თუნდაც, თბილისში, ან  – ტოკიოში. ჰო – ტოკიო იყოს. ასე ჯობს.

მოკლედ, ცხოვრობდა ეს ტოკიოელი ბიჭუნა ტოკიოში. სახელად ტოშირო  ერქვა და მართლაც ძალიან გონიერი ბავშვი იყო. ჯერ სულ პატარას აი, სკოლაში რომ არ იღებდნენ, ისე პატარას, მშობლებმა წერა-კითხვის მასწავლებელი მოუყვანეს და ბიჭუნამ ყველა ათასი თუ რამდენიცაა იეროგლიფი უცებ დაისწავლა. ზოგჯერ მამამისი გაზეთის კითხვისას დაუძახებდა ხოლმე, მოდი ერთი, ტოშირო, ეს რა ასო-ნიშანია დამეხმარეო და ისიც ყოველთვის შეუცდომლად პასუხობდა. მერე სკოლაში მიიყვანეს და იქაც ყველაზე კარგად სწავლობდა. მერე უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და იქაც ყველას ჯობნიდა. დაამთავრა თუ არა, რაც კი იაპონიაში კორპორაცია იყო, ყველა რიგში ჩადგა, ოღონდ კი ტოშიროს მათთან დაეწყო მუშაობა. ტოშირომ “მიცუბიში” აირჩია თუ “ტოიოტა” აირჩია თუ, სულაც – “სონი”… მოკლედ რომელიც აირჩია, დიდი სიხარულით შეხვდნენ და ტოშიროც თავს არ ზოგავდა – უნდოდა, იქაც ყველაზე საუკეთესო ყოფილიყო. ასე იყო მიჩვეული და – იმიტომ. ვინ მოთვლის, რამდენ საათს მუშაობდა დღეში, ეგ კი არა, თუკი შაბათს მის ნახვას მოისურვებდით – შაბათობითაც თავის კაბინეტში იჯდა.

ნათესავები ამაყობდნენ ტოშიროთი. ჩვენ იცით ვინა ვართო, ამბობდნენ – ტოშირო როა “სონიში”, აი, იმის ახლობლები ვართო. ეგ რომ არა, ახლა “სონისგან” ბუნდღაც არ იქნებოდა დარჩენილიო…

მხოლოდ ტოშიროს ბაბუა იყო მოწყენილი. ამჩნევდა, რომ, რომ მისი შვილიშვილი ძალიან ბევრს მუშაობდა, მაგრამ არ იცოდა, რა ეღონა… ბოლოს დაჯდა და გამოთვალა, რომ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა სამოცდათხუთმეტი წელია, რაც არის სამი ათას ცხრაასი შაბათი დღე. სამი ათას ცხრაასი შაბათი აქვს ადამიანს, რომ დაისვენოს და გაერთოს: ითამაშოს (სანამ პატარაა (და, დიდი როა – მაშინაც)), გაატაროს დრო მეგობრებთან და ოჯახთან ერთად, იმოგზაუროს, კინოში წავიდეს, ფეხბურთზე, ძაღლი გაასეირნოს, ლუდი დალიოს, შეუყვარდეს და გადაუყვარდეს…

აიღო ბაბუამ კამკამა ბროლის დიდი თასი, აავსო ნაირფერადი კენჭებით – სულ ორი ათას ექვსასი კენჭით და მისცა შვილიშვილს. და უთხრა, რომ ყოველი შაბათი დღის ბოლოს ამოეღო თასიდან ერთი ქვა. მხოლოდ ერთი. როგორც შეხსენება, რომ ეს შაბათი დღე უკვე მიილია და აღარასოდეს დაბრუნდება.

შვილიშვილს გუნებაში კი გაეცინა, მაგრამ საყვარელ ბაბუას გული არ გაუტეხა – დაპირდა, ასე მოვიქცევიო. და ყოველი შაბათი დღის ბოლოს მართლაც იღებდა თითო კენჭს ბროლის თასიდან. არ ავიწყდებოდა. რომც დავიწყებოდა, ბაბუა ურეკავდა და ახსენებდა ხოლმე… ერთი წლის შემდეგ ბაბუა გარდაიცვალა, მაგრამ შვილიშვილი დანაპირებს კვლავ ასრულებდა. ყოველ შაბათს თითო კენჭს აკლებდა. იმ დღეს თუ დიდხანს შემორჩებოდა საქმეს (ხშირად ხდებოდა ასეც) და დაავიწყდებოდა, მეორე დილით ამოიღებდა ხოლმე… ეგ კი არა, ერთი-ორჯერ სათვალავიც აერია და ერთის ნაცვლად ორი კენჭი ამოაკლო თასს – მისი რა მიდიოდა რო? თასი ჯერ ისევ სავსე იყო, ვითომც აქ არაფერიო…

და რა მოხდა შემდეგ?

შემდეგ დადგა 2011 წლის 11 მარტი. ტოშირო ტიბაში იმყოფებოდა მივლინებით. მოხდა მიწისძვრა და ცუნამი. ტოშირო ნანგრევებში მოყვა. ბროლის თასი კი დარჩა მის ტოკიოს ბინაში. მაგიდაზე.

ჯერ ისევ სავსეა ნაირფერადი კენჭებით. ვითომ, არც არაფერი მოკლებიაო.

ძალიან ლამაზია.

(ჯეიმს ფათერსონის წიგნდან “ოთხი ბრმა თაგუნია” ამოკითხული ერთი იგავის ჩემეული ინტერპრეტაცია).

Creative Commons License©Lord Vader. Stylish Blog. ნამუშევრის კოპირება, ციტირება და გამოქვეყნება დაშვებულია მხოლოდ ავტორისა და წყაროს (პოსტზე ლინკის) მითითებითა და ნებართვით. This work is licensed under a Creative Commons Attribution-NonCommercial-NoDerivatives 4.0 International License.

___

___

ავტორი: LV

Acting Sith & Plebeian False God of The Aventine Triad

9 thoughts on “Carpe Diem”

  1. მომეწონა ქვების იდეა 🙂 ნუ, რა თქმა უნდა, არ ვიცით, როდის დადგება ის წამი, როცა ყველაფერი მიწიერი “მაგიდაზე” გვრჩება, მაგრამ მაინც მომეწონა, რადგან რაც თვალით შესამჩნევია, მის მოკლებას უფრო აღვიქვამთ ხოლმე, ამ შემთხვევაში – დროის გასვლას. 🙂

    Like

დატოვე კომენტარი

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.