ეტიუდი სადო-მაზო ფერებში (გესთ პოსტი)

Portrait-of-the-Marquis-de-Sadeეს პოსტი, ალბათ, ბევრად უფრო მყვირალა, ხმაურიან და სკანდალურ სათაურს იმსახურებდა, მაგრამ მისი სათაური ისეთივე მოკრძალებულია, როგორიც იყო თავად დონასიენ ალფონს ფრანსუა დე სადი (Donatien Alphonse François de Sade), რომელიც მსოფლიო ლიტერატურისა და ფილოსოფიის ისტორიაში მარკიზ დე სადის (Marquis de Sade) სახელითაა ცნობილი.

არისტოკრატი და პატრიოტი

ის ფრანგი არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი იყო, მამა – დიპლომატი და მაღალი თანამდებობის პირი (მეფისნაცვალი და დესპანი, ერთი პირობა რუსეთშიც იყო ელჩად), დედა კი – პრინც კონდეს ფრეილინა. ფსიქოანალიზით გატაცებული მკვლევარნი, მოგვიანებით, დე სადის ცხოვრებისეულ კრედოსა და გატაცებებს მის ბავშვობაში მოუძებნიან გასაღებს – სადაც მომავალი მწერლის სწავლა-განათლებას ბიძა – ცნობილი ლიტერატორი და თეოლოგი აბატი დე სადი კურირებდა, სადაც ის იეზუიტთა სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მისი მშობლების ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა და ისინი ერთმანეთს დაშორდნენ…   ასე იყო თუ ისე, ფრანსუა დე სადმა ბავშვობიდანვე გამოავლინა ჯიუტი და ფეთქებადი ხასიათი – მისი პირველი მსხვერპლი პატარა პრინცი კონდე გახდა, რომელიც დე სადს შემოელახა (მოგვიანებით, დე სადისა და კონდეს ოჯახები დამოყვრდება, როდესაც მარკიზის ვაჟი არმანი პრინცესა კონდეზე იქორწინებს). შვიდწლიანი ომის დროს (მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი საფრანგეთ-ავსტრია-ესპანეთსა და პრუსია-ბრიტანეთს შორის) მისი შეუპოვრობა და მრისხანება უკვე პრუსიელებს დაატყდათ თავს და ფრანსუა დე სადი ომის დასრულებას კაპიტნის ჩინითა და ჯილდოებით დამშვენებული შეხვდა… მოგვიანებით მაიორის, დაბოლოს პოლკოვნიკის ჩინიც დაიმსახურა.

მოსიყვარულე შვილი, მეუღლე, სოდომიტი და კანონისგან დევნილი

სულ მალე დაქორწინდა და რამდენიმე ფრანგულ პროვინციაში (სახელგანთქმული შამპანის ჩათვლით) მეფისნაცვლის თანამდებობაც ჩაიბარა… აქედან მოყოლებული დე სადის გვარი კრიმინალური ქრონიკის (როგორც დღეს ვიტყოდით) ფურცლებიდან არ ჩამოდის. ჯერ ადამიანის გატაცებისა და გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს, თუმცა, როდესაც გაირკვა, რომ გაუპატიურება როგორც ასეთი არ მომხდარა (უბრალოდ, მარკიზმა პირობა დაარღვია და ტრადიციული და ჩვეული სექსის ნაცვლად, რაშიც ფული ჰქონდა გადახდილი, ქალბატონს ტაკო შოტლტით აუჭრელა) სასამართლომ დაზარალებულისთვის ჯარიმის Histoire-de-julietteგადახდა დააკისრა და გაათავისუფლა. სულ მალე ერთდროულად რამდენიმე მეძავმა ქალმა უჩივლა, რომელთაც მარკიზი ჯერ საგანგებო ნუგბარით – შოკოლადში შერეული ესპანური ბუზის ფქვილით გაუმასპინძლდა (ამ მწერისგან დამზადებულ პრეპარატს აფროდიზიაკის მოქმედება აქვს), შემდეგ კი ისინი, ტრადიციისამებრ, გატყიპა და მათთან  “სოდომის ცოდვით დაცემა” მოიწადინა (იმ დროს “სოდომის ცოდვა” მხოლოდ ჰომოსექსუალური კავშირის აღმნიშვნელ ევფემიზმად არ გამოიყენებოდა – მამაკაცსა და ქალს შორის ანალური სექსი ასევე “სოდომის ცოდვად” იყო მონათლული და უკიდურეს გარყვნილებად მიიჩნეოდა).

დიახ, მე აღვირახსნილი ვარ, ამას გულწრფელად ვაღიარებ და შევიმეცნე ყველაფერი, რისი შეცნობაც შეიძლებოდა, მაგრამ  არ აღმისრულებია ყველაფერი, რაც შევიმეცნე და არც არასდროს აღვასრულებ.  მე, შეიძლება, თავაშვებული ვარ, მაგრამ არც ბოროტმოქმედი ვარ და არც – მკვლელი.

მარკიზი დე სადი, მეუღლისადმი მიწერილი ბარათიდან.

მფარველ ანგელოზად მარკიზს მისი ცოლისდა მოევლინა, რომელმაც ციხის გუშაგები მოისყიდა და ფრანსუა დე სადი საპატიმროდან გამოიხსნა – ორივემ სავოის რეგიონს შეაფარა თავი, მაგრამ მარკიზის სიდედრმა მთელი თავისი გავლენა და ნაცნობ-მეგობრები შეყარა, ლუი XV-ეს სიძის დაპატიმრების ფირმანი გამოაცემინა და მარკიზიც შეიპყრეს და ციხეში გამოამწყვდიეს… ამ ჯერზე უკვე ფრანსუა დე სადის მეუღლემ ივაჟკაცა – არც იტალიელი ციხის გუშაგები იყვნენ ფულისადმი გულგრილნი და მარკიზიც ნაცადი ხერხით გამოაპარა. ის საკუთარ მამულებში დაბრუნდა და სასახლეში შეიკეტა. ერთი ხანობა ცხვირს არ ჰყოფდა გარეთ, არიქა, არვის გავახსენდე და არ დამიჭირონო, მაგრამ მოიწყინა. ისე მოიწყინა, რომ თქვა – ჯანდაბას, რაც იქნება იქნება, უსაქმობით სიკვდილს ისევ ეშაფოტი მირჩევნიაო – სასახლიდან გამობრძანდა, მამულებს ჩამოუარა, სამი ქალი შეარჩია და შინ მიიპატიჟა (მოგვიანებთ ისინი ამტკიცებდნენ – მოგვიტაცაო), მაგრამ არ აცალეს, სოფელი ფეხზე დადგა, პოლიციას უხმო და მარკიზმა კვლავ გაქცევთ უშველა თავს. იტალიაში დაიმალა, მაგრამ დედის ავადმყოფობა რომ შეიტყო, გულმა ვერ გაუძლო – პარიზში დაბრუნდა, სადაც დააპატიმრეს და მის საგვარეულო ციხეში გამოკეტეს. თავისუფლებისმოყვარე დე სადს ოთხ კედელში ცხოვრება არ შეეძლო, ბადრაგს, სასამართლოდან ციხეში რომ გადაჰყავდა, გზად თავი დააღწია და გაიქცა. მეუღლემ კვლავ გადამალა, სიდედრმა კი კვლავ დააპატიმრებინა (იქორწინეთ ობოლზე, მეგობრებო) – ამჯერად მარკიზი დე სადის პატიმრობა de Sade in prisonხანგრძლივი აღმოჩნდა – მთელი 10 წელი და მეტიც იქნებოდა, რომ არა საფრანგეთის რევოლუცია – მარკიზი დე სადი გაათავისუფლეს, როგორც ბურბონთა “სისხლიანი რეჟიმის” მსხვერპლი (დღეს უკვე ცნობილია, რომ ბასტილიის ციხეში შეჭრილ რევოლუციონერებს იქ ერთი პოლიტპატიმარიც კი არ დახვდათ, თუმცა, ეს სულ სხვა პოსტის თემაა).

მოქალაქე სადი რევოლუციას შეუერთდა და ერთი პირობა რევოლუციური ტრიბუნალის წევრიც იყო, თუმცა ეს თანამდებობა რევოლუციის მტრებთან ბრძოლისთვის კი არა, მისი მრავალრიცხოვანი ნათესაობის გადასარჩენად სჭირდებოდა – იმ ნათესაობის, რომელსაც არასდროს ჰყვარებია მარკიზი, ცხვირს უბზუებდა და სდევნიდა კიდეც… ამასთან, მარკიზი ანტი-რობესპიერელთა დაჯგუფებასაც მიმეხრო. დაწერა პამფლეტი, სადაც ტერორი ამხილა და კონვენტს პირდაპირი არჩევნების შემოღებისკენ მოუწოდა… რა გასაკვირია, რომ დააპატიმრეს – ამჯერად ის მართლაც პოლიტპატიმრად იქცა. იაკობინელთა დიქტატურის დამყარების შემდეგ პატიმრობა სასიკვდილო განაჩენით შეუცვალეს, თუმცა, ფრანსუა დე სადმა რევოლუციური ციხიდანაც მოახერხა გაქცევა… ამასობაში თავად რობერსპიერსაც წააგდებინეს თავი და ტრიბუნალის მიერ გამოტანილი ყველა განაჩენი გააუქმეს.

მე თაყვანს ვცემ მეფეს, მაგრამ მძულს მის მიერ კანონთა უგულებელყოფა, პატივს ვცემ კონსტიტუციას, თუმცა მისი ზოგი პარაგრაფი მზარავს, მსურს, არისტოკრატიას მისი ბრწყინვალება დაუბრუნონ, ვინაიდან ამ ბრწყინვალების წართმევა არვის არაფერს ჰმატებს,  მსურს, მონარქი ვიხილო ერის წინამძღოლად და წინააღმდეგი ვარ ეროვნული კრებისა, ვინაიდან, ორპალატიანი პარლამენტის მომხრე ვარ, როგორიც ინგლისშია…

მარკიზი დე სადი, მიმართვა კონვენტს 

მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელისუფლება ნაპოლეონ ბონაპარტემ ჩაიგდო ხელთ, მარკიზი კიდევ ერთხელ (მერამდენედ უკვე!) დააპატიმრეს, ამჯერად როგორც “პორნოგრაფი” და “ამორალური ისტორიების მთხზველი”… მოკლედ, იმ ქუთაისელი “გაიშნიკისა” არ იყოს, მისი მოსაწონი ფერი ვერა და ვერ აინთო, მაგრამ მეუღლისა და შვილების შუამდგომლობით  გაათავისუფლეს პატიმრობიდან და სულით ავადმყოფთა პანსიონში მოათავსეს.

მწერალი და თეატრალი

ფრანსუა დე სადმა ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები პატიმრობაში ყოფნისას – 1782-88 წლებში დაწერა (ამით ის სხვა სახელგანთქმული ტუსაღი-მწერლების რიგში დგას, სერვანტესი იქნება ეს თუ მაკიაველი, ო.ჰენრი თუ უაილდი…) მაგრამ, უეჭველია, რომ ის მანამდეც თხზავდა – 1772 წლის 5 იანვარს თეატრის ისტორიაში ერთი ეპოქალური ამბავი მოხდა – მარკიზმა დე სადმა საგვარეულო სასახლეში მეგობრები მიიწვია და საკუთარი პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენა უჩვენა… პირველი სადო-მაზო (ალბათ) წარმოდგენა მსოფლიო თეატრის ისტორიაში.

თეატრსვე შესწირა მან სიცოცხლის უკანასკნელი წლებიც – ვერსალის დასში მუშაობდა მსახიობად და სცენარისტად. სულით ავადმყოფთა პანსიონში მოხვედრის შემდეგ კი სამოყვარულო დასი შეკრა და მკურნალთა და პაციენტთათვის დგამდა პიესებს. მის გვერდით იყო ბოლო წლების სიყვარული – მსახიობი მარი-კონსტანს კინე, თუმცა ერთ-ერთი ექიმის ქალიშვილსაც ჰყვარობდა.

აღესრულა 75 წლის. მასთან პალატაში იყო ვაჟი, დონასიენ კლოდ არმან დე სადი, რომელმაც მამის გარდაცვალებისთანავე, ყველა მისი ხელნაწერი მოაგროვა და ცეცხლს მისცა.

მან ტყეში დამარხვა ისურვა, მუხებს შორის, რომ მისი საფლავი რკოთი დაფარულიყო და ვერვის მიეკვლია, რომ მისი სახელიც კი წაშლილიყო ადამიანთა მახსოვრობიდან, თუმცა, ნება ვერ აუსრულეს – ცოტა მეგულება სახელი, რომელსაც უფრო ხშირად ახსენებენ ხოლმე, ვიდრე ეს მარკიზ დე სადის სახელია.

თავისუფლების მეხოტბე, ბუნტარი, რეფორმატორი და აზრთა გამგები

უნდა ითქვას, რომ დე სადის მწერლურ ნიჭს დამფასებელი მის დროსაც ჰყავდა და მის შემდგომაც – ფლობერი, მოპასანი თუ ბოდლერი “შემჩნეულნი” იყვნენ მარკიზის ნაწარმოებებით გატაცებაში, მაგრამ დე სადის ჭეშმარიტი “რეაბილიტაცია”, მაინც, გასული საუკუნის მოდერნისტების სახელს უკავშირდება.

დადგა დრო, როდესაც ადამიანი, რომელსაც გროშ-კაპიკად არვინ აგდებდა მე-19 საუკუნის განმავლობაში და მისი აზრები, რომელიც საბიბლიოთეკო ცხრაკლიტულში იყო ჩამარხული, მზის სინათლეს უნდა ეზიარონ და იმეფონ მე-20 საუკუნეზე.

გიიომ აპოლინერი, წინასიტყვაობა მარკიზ დე სადის 1909 წლის გამოცემისთვის

მარკიზის ბევრი ნაწარმოები გასული საუკუნეების ფილოსოფიური რომანის ქარგზეა მოჭრილი – ისინი დიდაქტიკურია, ვრცელი დამრიგებლური მონოლოგებით, აღმზრდელობითი საუბრებით. მის გმირებს შორის აუცილებლად გვხვდება მენტორი – მასწავლებელი, რომელიც ნეოფიტებს – მოწაფეებს სადის ფილოსოფიის ხვეულებსა და ლაბირინთებში წარუძღვება ხოლმე. ამასთან, მისეული ქადაგნი ილიასეული განდეგილივით მხოლოდ ქადაგებით არასდროს იზღუდებიან, ისინი თავადაც ცხოვრობენ იმ წესით, რასაც ქადაგებენ. არასდროს არიან მხოლოდ თეორეტიკოსები და მოწაფეთ პრაქტიკულ მეცადინეობებსაც უტარებენ ხოლმე. იქვე, ადგილზე, რომ იტყვიან – ჩარხს მიმდგარნი.

თანამედროვე მკვლევარნი მის თხზულებებში გოთიკური რომანის ნიშნებსაც ხედავენ. სიურეალისტები და დადაისტები კი სულიერ ძმასა და წინამორბედს.

ფილოსოფია ბუდუარში” (La Philosophie dans le boudoir) – ამ მხრივ, ალაბთ, ყველაზე კლასიკური ნიმუშია. ესაა ფილოსოფიური “დიალოგები ახალგაზრდა ქალიშვილების აღსაზრდელად”, სადაც სრულადაა გადმოცემული დე სადის ცხოვრებისეული კრედო – პიროვნების გათავისუფლება საზოგადოების ხუნდებისგან… მეთოდიკა, რასაც მარკიზი გვთავაზობს, ცხადია, ერთობ რადიკალურია, ის სექსსა (მთელი მისი ფერადოვნებითა და შუქ-ჩრდილებით – ჰეტეროდან ჰომომდე) და ძალადობაზე გადის, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ რამდენად მძიმე იყო იმდროინდელი (და არამხოლოდ იმდროინდელი) ხუნდები და, რაც მთავარია, რაოდენ ფარისევლური იყო საზოგადოების ცხოვრების წესი… კამიუ იტყვის მრავალი წლის შემდგომ, რომ საზოგადოების მორალია “წარმართობა საკუთარი თავისთვის, ხოლო ქრისტიანობა – სხვისთვის”. სწორედ ამ ორმაგ მორალს უცხადებდა ბრძოლას ფრანსუა დე სადი.

Histoire-de-juliette-Dutchფაქტობრივ დილოგიაში, რომელიც ორი რომანისგან შედგება “ჟიუსტინის ამბავი ანუ სათნოების უბედურება” ((La Nouvelle) Justine, ou les Malheurs de la vertu) და “ჟიულიეტის ამბავი ანუ ბიწიერების ზეიმი” (Juliette, or Vice Amply Rewarded) დე სადი დების ამბავს მოგვითხრობს. ჟიულიეტს სასწავლებლად მონასტერში მიაბარებენ, სადაც კეთილშობილურ ფასადს მიღმა ლესბოსური სიყვარულის, პედოფილიისა და ძალადობის ნამდვილი ბუდე იმალება. აბატესა ერთი ღვთის მგმობელი ვინმეა, სახელმწიფო ჩინოვნიკები კი, ამ ნაწარმოებში რომ ვხვდებით, მხოლოდ საკუთარ გამდიდრებაზე მზრუნველი ხაზინის ქურდები არიან (სწორედ “ჟიულიეტის ამბავმა” დაიმსახურა ნაპოლეონ ბონაპარტეს რისხვა, რასაც დე სადის დაპატიმრება მოჰყვა).

განმანათლებელთა სწავლება, რომ ადამიანმა საკუთარი წადილნი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებს უნდა შესწიროს, დე სადისთვის მიუღებელია – თუკი საზოგადოება თავადაა ცრუ, ფარისეველი, ქურდი და ამორალური, მისი ინტერესებისადმი მორჩილებაც – აბსურდია.

სიურეალისტების შემოქმედება გაჯერებულია დე სადის ესთეტიკით. ბუნუელ-დალის “ანადალუზურ ძაღლში” (Un chien andalou) ძალადობის სცენები უმაღლესი პოეტიკის სიმაღლემდეა აყვანილი… თუმცა ამით ნაკლებშოკისმომგვრელი როდი ჩანს. სრულიად აშკარაა დე სადის გავლენა ჟან ჟენეს შემოქმედებაზე. აპოლინერზე ზემოთაც ვთქვი. დე სადის თაყვანისმცემელი იყო პოლ ელუარი. დე სადს თავისუფლების ადეპტად მიიჩნევდა ყველა დროის უდიდესი ფოტოგრაფი მენ რეი. სიმონა დე ბოვუარმა მარკიზის ნაწერებში ეკზისტენციალიზმის სათავეები ამოქექა.

თუ დე სადს აბსოლუტური თავისუფლების ფილოსოფიის აპოლოგეტად მივიჩნევთ (“ყველაზე თავისუფალ სულს არსებულთაგან” – როგორც აპოლინერმა უწოდა), მაშინ მის გვერდით ბევრ ცნობილ ადამიანს აღმოვაჩენთ – რემბო იქნება, ვერლენი თუ ბაირონი, მორისონი იქნება თუ იგი პოპი.

თუმცა, მას მოწინააღმდეგეც ბევრი გამოუჩნდა. ეკზისტენციალისტებმა (განსაკუთრებით – კამიუმ) დე სადი მის გმირებს გაუთანაბრეს, მაგრამ, როგორც როლან ბარტი წერდა, ეკზისტენციალისტების შეცდომა ის იყო, რომ დე სადს კითხულობდნენ, როგორც რეალისტს, არადა იოლი არაა, დაინახო “ჭეშმარიტი” დე სადი მის ნაწარმოებებში. მარკიზის თხზულებები შეზავებულია იგავ-არაკებით, ზღაპრებით, ისტორიული ამბებითა და თავგადასავლებით… ამ ყველაფერში კი დიდი დოზითაა სატირა, სარკაზმი და პროვოცირების სურვილი. დე სადი ერთ-ერთ ყველაზე გენიალურ ტროლად შეგვიძლია დავასახელოთ – ის ტროლავს, იმისთვის რომ მკითხველთა თუ მაყურებელთა რეაქცია დაინახოს (და დაგვანახოს). საზოგადოებას ყურებში სწვდეს და ბუჩქებიდან მზის გულზე გამოათრიოს…

არ ვცდილობ, რომ ადამიანებმა თაყვანი სცენ ბიწიერს, სრულიადაც არ მსურს, რომ ქალები აღფრთოვანდნენ იმ ადამიანებით, რომლებიც მათ ატყუებენ – პირიქით, მსურს, რომ სძულდეთ ასეთნი! სწორედ ამიტომ არიან ბიწიერებას ადევნებული ჩემი გმირები ისე ამაზრზენნი, რომ არც სიბრალულს იმსახურებენ და არც სიყვარულს… მე მსურს, დაგანახოთ დანაშაულის ბუნება, რომ შეგზარდეთ ის, რომ შეგძულდეთ და სხვა როგორ მოვახერხო, თუარა გიჩვენოთ მთელი მისი საზარლობა… ვაი მათ, ვინც დანაშაულს ვარდებით ამკობს!

ფრანსუა დე სადი, “ფიქრები რომანის ირგვლივ”

Saloსწორედ ასე, ნაცისტური რეჟიმის სამხილებლად გამოიყენა პაზოლინიმ მარკიზ დე სადის “სოდომის 120 დღე ანუ აღვირახსნილობის სკოლა” (Les 120 journées de Sodome, ou l’École du libertinage), რომლით შთაგონებულმაც გადაიღო “სალო ანუ სოდომის 120 დღე” (Salò o le 120 giornate di Sodoma). ამავე ნაწარმოებთან გადაძახილს ვხედავთ ბუნუელ-დალის “ოქროს საუკუნის” (L’Age d’Or) ფინალურ კადრებში.

ბევრი კრიტიკოსი სრულიად სამართლიანად მიანიშნებს, რომ მარკიზი აშარჟებდა იმ რომანტიკოს და ჰუმანისტ ფილოსოფოსებს, რომელთა იდეებმაც, საბოლოო ჯამში, საფრანგეთის რევოლუცია და ტერორი მოიტანა… (ამის მსგავსია რუსი მწერლისა და ფილოსოფოსის, როზანოვის (და არამხოლოდ მისი) უკიდურესად ცინიკური პამფლეტები, სადაც ის დასცინის რუს ჰუმანისტებს, “რუსული რევოლუციის სარკის”, ტოლსტოის თამადობით).

დე სადის შემოქმედებას სწავლობდნენ და სწავლობენ, მკვლევართა შორის კი ისეთი სახელებია, როგორიც მიშელ ფუკო და სტანისლავ ლემია. თავად დე სადიც არაერთი მწერლისა თუ ხელოვანის ნაწარმოების გმირად მოგვევლინა რობერთ ბლოქი იქნება თუ დაგ რაითი, რომლის წიგნის ფილიფ კაუფმანისეული ეკრანიზაციაცაა ჩვენთან ყველაზე კარგად ცნობილი – “მარკიზ დე სადის კალამი” (Quills), სადაც მარკიზი სწორედ სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირად წარმოგვიდგება. ამ ფილმში დე სადის როლს ჯეფრი რაში ასრულებს, თუმცა, ასევე გირჩევდით იხილოთ გენიალური კლაუს კინსკი მარკიზის როლში “ჟიუსტინის” ხესუს ფრანკოსეულ ეკრანიზაციაში – “Marquis de Sade: Justine” – 1969 წლის ფილმია (აგერ ლინკიც, თუ გნებავთ).

ასე რომ, მსოფლიო ლიტერატურისა და ფილოსოფიის ისტორიიდან თუკი მარკიზ დე სადის ფიგურას ამოვგლეჯთ – იქ მეტისმეტად დიდი სიცარიელე დარჩება, იმოდენაა მისი გავლენა.

დე სადი ერთ-ერთია, ვინც S/M (სადო-მაზო) ესთეტიკა ხელოვნების ნიმუშად აქცია და ამით მისი “ლეგალიზაცია” მოახდინა. მისი დამსახურება(ცა)ა, რომ დღეს ამ თემატიკასთან გათამაშება მოდურია და ყველაზე დიდი ხელოვანებიც კი არ თაკილობენ – ლიტერატურა იქნება ეს კინო, მხატვრობა, ფოტო თუ რეკლამა… და რათქმაუნდა – მოდა, თუმცა, ეს ყველა უკვე ცალკე პოსტის თემაა.

ბონუსად:

Enigma-ს მშვენიერი კომპოზიცია Sadeness (Part 1), ალბათ, ბევრმა იცის. ყოველთვის მაინტერესებდა, ვინ იყო ეს ლამაზი გოგო – თუ თქვენც გაინტერესებთ და არ იცით, გეტყვით – კატი ტასტე, რომელსაც კლიპის რეჟისორი, მიშალ გუიმბარი შემთხვევით გადააწყდა ქუჩებში ხეტიალისას, სტაცა ხელი და გადასაღებ მოედანზე შეაგდო (ხმა მისი არაა – Enigma-ს სოლისტი, სანდრა ლაუერი მღერის). ჩემი არ იყოს და, გემოვნებიანი ადამიანები ბევრია – კატი შენიშნეს ამ კლიპში და დღეს ის ერთ-ერთი წარმატებული მოდელია და ფილმებშიც იღებენ, არადა სამოდელო სააგენტოები მანამდე იწუნებდნენ სიმაღლის გამო (სულ რაღაც 165 სმ).

აი, ასე ეხმარება კეთილი მარკიზი ადამიანებს გარდაცვალებიდან საუკუნეების შემდეგაც კი.

DeSadologia

მარკიზ დე სადის ე-ბიბლიოთეკა (ინგლისურად)

The Marquis de Sade: A Life by Neil Schaeffer

P.S.

ამ პოსტის მიზანია ჯესის ბლოგზე შინაარსი ბლოგის სახელს დაუახლოვოს. 🙂

ჰარმონია – უპირველეს ყოვლისა.

და სადიზმიც.

ზომიერად. 🙂

P.P.S. (კომენტარების კვალ)

უამრავი ქალი (საქართველოშიც, მათ შორის) ოჯახური ძალადობის მსხვერპლია. ამ მამაკაცებთან შედარებით, დე სადი უწყინარ კრავად მოსჩანს, ის, უბრალოდ, იყო ადამიანი, რომელსაც განსხვავებული სექსუალური გემოვნება და სურვილები ჰქონდა. ეს იყო და ეს. და, თან, მზად იყო ამაში კარგი ფულიც გადაეხადა, მაგრამ, მისდა საუბედუროდ, იმ დროს ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ბევრად ძნელი იყო, ვიდრე, ვთქვათ, ანტიკურ ეპოქაში, როდესაც საზოგადოება მის წევრთა პირად ცხოვრებას ლმობიერად უყურებდა და ვიდრე ეს დღესაა, როდესაც წავიდოდა მარკიზი პარიზის რომელიმე BDSM კლუბში და უნდა გატყეპდა ვინმეს და უნდა დაკბენდა, უნდა ანალური სექსით დაკავდებოდა და უნდა ორალურით… ყოველგვარი ქიდნეფინგისა და ძალადობის გარეშე, ურთიერთგაგებისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. 🙂

Categories: გესთ პოსტები | Tags: , , | 11 Comments

Post navigation

11 thoughts on “ეტიუდი სადო-მაზო ფერებში (გესთ პოსტი)

  1. lord, jan jenze ambobdi postshi, es is jene araa notr dam de fleri rom dawera?
    rac seeheba posts, es sadi pornografiuli fantaziebis gadmofrqvevis pirveli magaliti iyo . . . axla msgavsi qcevebi aravis ukvirs magram im dros . . . mokled magra daqneuli iyo 🙂

  2. ასეთი სიჩუმე ეკადრება ახლა მესიე დონასიენ ალფონს ფრანსუას? 😦

    საჯაროში მაქვს წაკითხული ესეც და ზახერ-მაზოხის :”ვენერა ბეწვეულშიც” (თუ როგორც ითარგმნება, რუსულად ვენერა ვ მეხახ ერქვა).ორივე ძველთაძველი გამოცემა იყო, სურათების გარეშე 😦 😦

    • თემაა ეგეთი. 🙂
      თან რეალურად ცოტა იცნობს.

      ვენერა არ წამიკითხავს, მაგრამ ეკრანიზაცია კი ვიცი…

    • და უსურათობა რატომ გაგიტყდა მასე? :)) ^_^

      • დამაინტერესა. ბდსმ თემატიკის სურათებს, ჯესი, თუ მომინდა, ოხრად ვიპოვნი ყველგან, სადაც ნეტი იმუშავებს. მე იმ დროის ილუსტრაციები მაინტერესებდა.

  3. მამა მია მშვენიერი გესთ-პოსტია.
    “მე თაყვანს ვცემ მეფეს, მაგრამ მძულს მის მიერ კანონთა უგულებელყოფა, პატივს ვცემ კონსტიტუციას, თუმცა მისი ზოგი პარაგრაფი მზარავს, მსურს, არისტოკრატიას მისი ბრწყინვალება დაუბრუნონ, ვინაიდან ამ ბრწყინვალების წართმევა არვის არაფერს ჰმატებს, მსურს, მონარქი ვიხილო ერის წინამძღოლად”- რომ იცოდეთ ანგელოზი რამდენ რამეში ეთანხმება სადს)))
    საფრანგეთში თითქოს თავის დროზე დაიბადა,არადა აშკარად არ იყო მისი ეპოქა.

  4. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა ბატონო ლორდ :).. ისე დამაინტრიგე რომ ძალიან სასწაული რაღაცა მეგონა 🙂 მაგრამ ძალიან კარგი და საინტერესო პოსტი გამოგივიდა 🙂 დიდი მადლობა :)))

    • მადლობთ მასპინძლობისთვის.
      თუ ერთი ადამიანი მაინც ეწვევა (ინტერნეტ)-ბიბლიოთეკას მარკიზთან უფრო ახლოს გასაცნობად, ტყუილად არ მიშრომია. 🙂

      • უი კიდე ერთი პ.ს. დაგიმატებია
        ისე სადო-მაზო ზოგიერთს ძალიან სიამოვნებს ხო არა მხოლოდ ვინც სცემს არამედ იმასაც ვისაც სცემენ. ზოგიერთს ტკივილი სიამოვნებას ანიჭებს გინდ გაწყეპლა გინდა რამე გარყვინული სექსი (ნუ რავიცი გარყვნილობაში არატრადიციულს ვგულსიხმობ და რამე სადისტურს ალბათ)/… და რაც ხდება ოჯახებში რავიცი ეგ სადიზმი კია მარა აიი იმ დე სადს ვერ მივამსგავსებ…. და მართლაც დაგეთანხმები დე სადი იმათთან შედარებით ვინც ახლა გინდ ცოლს სცემს გინდ ახლობელს (როდესაც მეორე უარზეა) უმანკო კრავი იყო 🙂

        და ისე ზოგადად სადიზმს რაც შეეხება…ისე ხო მოგბეზრდება სულ ტკბილად ცხოვრება ^_^ ერთი ორი უნდა წაუსადისტო (ვაიმერაცუდიროჟავარ)

        • ჰო, არსებობენ ადამიანები, ვისაც ცინიზმი ინტელექტის უტყუარი ნიშანი ჰგონიათ და სადიზმი – საინტერესო და კაი პონტი. ღმერთმა შეარგოთ და არ მოჰკლებოდეთ არასოდეს, მაგრამ მე ასეთებისგან თავის შორს დაჭერას ვცდილობ.

          რა ვიცი, ჯესს, აქამდე შენთან სადისტური არაფერი შემიმჩნევია და… ვეკ ჟივი – ვეკ უჩის’.

  5. დღეს ლორდის გესთ–პოსტების დღე მაქვს 🙂 ჯერ იყო და თაიასთან გადავაწყდი ბასეტზე დაწერილ თბილ–თბილ პოსტს, ახლა აქ 🙂

comments please :)

Blog at WordPress.com.